მთავრობა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შემოღებას აპირებს


     საქართველოს მთავრობა  ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტესტირების შემოღებას გეგმავს და საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით ინტერესთაგამოხატვა გამოაცხადა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის  განცხადებით, ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველა საერთაშორისო კომპანიას, რომელსაც ექნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დანერგვის გამოცდილება.
     „ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში გვქონდეს გამჭვირვალე და ხარისხზე ორიენტირებული თავისუფალი ბაზარი. ამდენად, მივესალმებით ყველა ინვესტორის შემოსვლას, რომელიც შესაბამის სტანდარტებს დააკმაყოფილებს.  საქართველოს მთავრობის მიზანია ხელი შეუწყოს მოქალაქეებისათვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას.  ტექნიკური დათვალიერების სისიტემის დანერგვას უნდა მოყვეს ეკოლოგიური და ჯანსაღი გარემოს მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. ცნობილია, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში გარემოს დაბინძურების ძირითად წყაროს სწორედ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაუმართაობა და ამ დარგში სტანდარტების არარსებობა წარმოადგენს.  ამ მიმართულებით დღევანდელი ვითარება რომ მძიმეა, ამას საერთაშორისო კვლევებიც ადასტურებს. ყურადსაღებია ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც ავტოსაგზაო შემთხვევების ნაწილი სწორედ ავტომობილების გაუმართაობაზე მოდის," – განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა.
     დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების პერიოდულობა განისაზღვრება საკონსულტაციო კომპანიასთან შეთანხმების შედეგად. ანალოგიურად მოხდება პერიოდული ტესტირების ვადის დადგენაც. ასევე განისაზღვრება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ბაზარზე მაქსიმალურად მორგებული კონკურენტული ფასი.
2017 წლის ბოლომდე საქართველოს ყველა რეგიონში პერიოდული ტექნიკური ისპექტირებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა სრულად იქნება გამართული.
     „ჩვენ არ ვაპირებთ, ბაზარზე არსებობდეს რაიმე ტიპის შეზღუდვა – შემოვიყვანოთ მხოლოდ ერთი ინვესტორი და მას მივცეთ გარკვეული ტიპის ლიცენზია. დღეს ჩვენ ვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას საკონსულტაციო კომპანიის მომსახურებაზე. ის სახელმწიფოს უნდა დაეხმაროს იმ პროცესების გამართვაში, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, თავისუფალ და ღია ბაზარზე არსებობდეს ტექნიკური დათვალიერების ინსპექტირების შესაძლებლობა ყველანაირი კორუფციული რისკის გამორიცხვის ალბათობით," – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, პერიოდული სავალდებულო ტესტირების ფასი ასევე იქნება მსჯელობის საგანი. „ვფიქრობთ, რომ დადგინდება ზედა მაქსიმალური ზღვარი. ამ საკითხზე გვექნება ღია დისკუსია," – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.  ამასთან, პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, კომპანია, რომელიც იქნება საქართველოს მთავრობის კონსულტანტი, ვეღარ შემოვა ბაზარზე როგორც ინვესტორი და ვერ ააშენებს მომსახურების ცენტრებს. „ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, რათა ადგილი არ ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტს," – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно