Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა


     საქართველო აგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან „Standard & Poor’s", „Fitch" და „Moody’s". 2018 წლის მარტში  სარეიტინგო კომპანია „Fitch" მა გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურის მიმართულებით, ხოლო ქვეყნის საგარეო და ეროვნული ვალუტის ობლიგაციებზე (IDR – Issuer Default Rating) უცვლელად დატოვა რეიტინგი BB- -ზე.

     რეიტინგის პოზიტიური პერსპექტივა განპირობებულია  სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნებით, შოკებისადმი მდგრადობითა და ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს უზრუნველყოფით.  

     საქართველო აგრძელებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გაფორმებული პროგრამის ყველა კრიტერიუმის შესრულებას, რომლებსაც პოზიტიური გავლენა ექნება დანაზოგებისა და ინვესტიციების სტიმულირებაზე.
 
     „Fitch" - ის შეფასებით საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა მნიშვნელოვნად აჭარბებს "BB” რეიტინგის მქონე ქვეყნების ზრდის ხუთი წლის მედიანურ მაჩვენებელს - 3.5 პროცენტს. სარეიტინგო კომპანიის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკური ზრდა იქნება 4.6 პროცენტი 2018 წელს, ხოლო 4.9 პროცენტი 2019 წელს. „Fitch"-ის შეფასებით ეკონომიკურ ზრდას საგარეო მოთხოვნის გაუმჯობესებასთან (ექსპორტისა და ფულადი გზავნილების ზრდასთან) ერთად ხელს შეუწყობს სახელმწიფო კაპიტალური ხარჯების ზრდა, რომელიც თავის მხრივ შიდა მოთხოვნაზე აისახება პოზიტიურად. 

     სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, ამჟამად ფისკალური დეფიციტი აღემატება BB საფეხურზე მყოფი ქვეყნების მედიანურ 3 პროცენტიან მაჩვენებელს, თუმცა მიმდინარე ხარჯების შემცირების და მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად საგადასახადო შემოსავლების გაზრდის გზით დეფიციტი დაუახლოვდება 3 პროცენტიან მაჩვენებელს 2019 წელს.  

     ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარე პროგრამის შედეგად კიდევ უფრო გაუმჯობესდება ფისკალური დისციპლინა. სარეიტინგო კომპანიის ანგარიშის თანახმად, ფისკალური დეფიციტი და ეკონომიკური ზრდის პარამეტრები თანხვედრაშია სახელმწიფო ვალის შემცირებისთვის საჭირო დონესთან. ამასთან, 2017 წელის არსებული სახელმწიფო ვალის დონე ნაკლებია BB საფეხურის მედიანურ მაჩვენებელთან 47.4 პროცენტთან შედარებით და 44.5 პროცენტს შეადგენს, რომელიც 2019 წლისთვის 43.4 პროცენტამდე შემცირდება.

     სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-სთან მიმართებაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 2017 წელს და 8.7 პროცენტი შეადგინა ნაცვლად 12.8 პროცენტისა 2016 წელს. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების ტრენდს ხელს შეუწყობს ექსპორტის ზრდა, განსაკუთრებით კი პოზიტიური ტენდენციები ტურიზმის სექტორში. Fitch" -ის პროგნოზით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-სთან მიმართებით საშუალოდ 9.9 პროცენტი იქნება 2018-2019 წლებში, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით დაფინანსებული დეფიციტი მშპ-ს 7.6 პროცენტია. 

     მთლიანობაში, მდგრადი მდგომარეობა საბანკო სექტორში ამცირებს დოლარიზაციის რისკებს. ამასთან, შეინიშნება დოლარიზაციის დონის შემცირება. დეპოზიტების დოლარიზაცია შემცირდა 66 პროცენტამდე (71 პროცენტიდან), ხოლო სესხების 57 პროცენტამდე (65 პროცენტიდან). მაღალი კაპიტალის ადეკვატურობის დონე (19.1 პროცენტი) საბანკო სექტორში და დაბალია უმოქმედო სესხების წილი (2.8 პროცენტი). 
სარეიტინგო კომპანია ასახელებს იმ გამოწვევებსაც, რომელიც დღეს ქვეყანას აქვს:

▫ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და სუსტი საგარეო სექტორი კვლავ ქვეყნის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მნიშვნელოვნად აღემატება „BB" საფეხურის მედიანურ მაჩვენებელს - მშპ-ს 3.4 პროცენტს.  მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი განპირობებულია ეროვნული დანაზოგების დაბალი დონით, მაღალი იმპორტ დამოკიდებულებით და ექსპორტის დაბალი დივერსიფიკაციით.
▫ მაღალია მთლიანი საგარეო ვალის მაჩვენებელი (61.6 პროცენტი მშპ-სთან მიმართებით) და 4-ჯერ აღემატება „BB" საფეხურზე მყოფი ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს 13.4 პროცენტს მშპ-სთან. 
▫ 2017 წელს 2016 წელთან შედარებით საერთაშორისო რეზერვების 10 პროცენტიანი ზრდის მიუხედავად რეზერვები მხოლოდ 3.2 თვის იმპორტს ფარავს, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ამასთან მაღალია საგარეო დაფინანსების საჭიროება. 
▫ მაღალია დოლარში დენომინირებული ვალის წილი - 76 პროცენტი, რაც ზრდის რისკებს კურსის გაუფასურების შემთხვევაში. 

     საკრედიტო სააგენტო რეიტინგის მინიჭებისას ხელმძღვანელობს სუვერენული რეიტინგის მოდელით (SRM) და ხარისხობრივი შეფასებით (QO). SRM-ის მიხედვით საქართველოს ქულა შეესაბამება BB რეიტინგს საერთო შკალაზე, თუმცა QO-ით ხდება მისი კორექტირება 1 ნოჩით ქვემოთ იმის გამო, რომ საქართველოს BB რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით აქვს უფრო მაღალი წმინდა საგარეო ვალი, მაღალი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და უარყოფითი წმინდა საინვესტიციო პოზიცია. 

     რეიტინგის სენსიტიურობის ანალიზის მიხედვით ფაქტორები, რომელთაც შესაძლოა ხელი შეუწყოს რეიტინგის გაუმჯობესებას მოიცავს:

· მაკროეკონომიკურ სტაბილურობასთან თავსებადი, მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა 
· ეკონომიკური მოწყვლადობის შემცირება
· ბიუჯეტის დეფიციტის და სახელმწიფო ვალის შემცირება 

     სარეიტინგო კომპანიის შეფასებით პერსპექტივა პოზიტიურია. შესაბამისად Fitch-ი არ ელოდება ნეგატიურისკენ პერსპექტივის რეიტინგის შეცვლას. ფაქტორები, რომელთაც შესაძლოა ხელი შეუწყოს რეიტინგის გაუარესებას (სტაბილურ პერსპექტივამდე რეიტინგის ცვლილებას) მოიცავს: 

· საგარეო მოწყვლადობის ზრდა, მაგალითად ვალით დაფინანსებული დეფიციტის გაზრდა
· ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა და სახელმწიფო ვალის ზრდა
· ქვეყნის შიგნით თუ რეგიონში პოლიტიკური მდგომარეობის გაუარესება, რაც უარყოფითად აისახება ეკონომიკურ პოლიტიკასა და რეგიონში სტაბილურ გარემოზე

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно