კრიპტოვალუტა მაღალი რისკის შემცველ ინვესტიციას წარმოადგენს– ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ორგანიზებით ტრენინგი ჩატარდა


     საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ორგანიზებით, 17-18 აპრილს, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებისთვის ფინანსური დანაშაულის გამოძიების და კრიპტოვალუტის კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ ტრენინგი გაიმართა. ტრენინგს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის შიდა შემოსავლების სამსახურის ექსპერტი ჯეიმს დანიელსი უძღვებოდა. 

     ღონისძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვაჟა ფანოზიშვილმა გახსნა. როგორც მან აღნიშნა, საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაა, რაც საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის წინაპირობაა. 

     „ბოლო წლებში, კრიპტოვალუტის პოპულარობა და მასზე მოთხოვნა, მსოფლიოს მსგავსად საქართველოშიც გაიზარდა. კრიპტოვალუტა მაღალი რისკის შემცველ ინვესტიციას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები მაქსიმალურ ინფორმაციას ფლობდნენ ელექტრონული ფულის შესახებ. ეს დაეხმარება მათ ფინანსური დანაშაულის გამოვლენის და გამოძიების პროცესში. უნდა აღინიშნოს, რომ ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება აღნიშნულ სფეროში ჩადენილი დანაშაულის მეთოდები და სახეობები. შესაბამისად, იზრდება გამოწვევებიც, რომელთა დაძლევისთვის და სამსახურის ეფექტიანი საქმიანობისთვის თანამედროვე მიდგომების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება მნიშვნელოვანია",-აღნიშნა ვაჟა ფანოზიშვილმა.

     ტრენინგის ფარგლებში, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის შიდა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა, კიბერდანაშაულის გამოძიების სათაო ოფისის ექსპერტმა, ჯეიმს დანიელსმა პრეზენტაციები წარადგინა ბლოქჩეინ ტექნოლოგიის და კრიპტოვალუტის, ასევე ფინანსური და კიბერდანაშაულების გამოძიების შესახებ. ჯეიმს დანიელსმა ტრენინგის მონაწილეებს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის შიდა შემოსავლების სამსახურის მიერ გამოძიებული კონკრეტული ქეისები გააცნო. 

     ტრენინგს ესწრებოდნენ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში აშშ-ის საელჩოს ატაშე ქენდის კოვალი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო და შემოსავლების სამსახურების, საქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно