,,ამ საზოგადოებას უცხოვრია იმ სახელმწიფოში, სადაც სახელმწიფო აბსოლუტურად არ უსმენდა ხალხის ხმას"– კვირიკაშვილი


     გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე საუბრით დაიწყო და ხორავას ქუჩაზე მომხდარ მოზარდების მკვლელობის საქმეზე ხელისუფლების პასუხისმგებლკობაზე ისაუბრა. 
 
     პრემიერ–მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფომ მყისიერი რეაგირება მოახდინა აღნიშნული საქმის ხელახალი გამოძიებისთვის, მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლების პირობებში მოქალაქეების მხრიდან მსგავსი მოთხოვნები რეაგირების გარეშე რჩებოდა. 

     ,,ჩვენთვის ადამიანი არის მთავარი ღირებულება. ჩვენ დავკარგეთ ორი ახალგაზრდა დასამწუხაროდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, მათ შორის ჩვენშიც. სახელმწიფომ მოახდინა მყისიერი რეაგირება და ძალიან მნიშვნელოვანია, ჩამოითვალოს ისინი.  პარლამენტმა დაუყოვნებლივ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, რაც უპრეცედენტოა. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო რუსთაველზე აქციის გამართვამდე, რათა ეს ვინმემ არ მიიწეროს და ამის შესახებ განცხადებები მაშინვე გაკეთდა. შემდგომში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაახლა გამოძიება დანაშაულის შესაძლო დაფარვის და ასევე მოწმეებზე შესაძლო ზეწოლის მიმართულებით. ამის შემდეგ დაიკითხა უამრავი ადამიანი და ვფიქრობთ, იმ კითხვებს, რომელიც საზოგადოებაში და ჩვენშიც არსებობს, პასუხები უახლოეს პერიოდში გაეცემა. თუმცა, უნდა გვესმოდეს, იმისთვის, რომ დადგინდეს სრული სიმართლე, აღარ დარჩეს კითხვები და ეჭვები, საჭიროა გონივრული ვადა.

     ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის სტანდარტი გამოიჩინა მთავარმა პროკურორმა და თანამდებობიდან მყისიერად გადადგა, რაც ვფიქრობ, რომ ასევე უპრეცედენტოა. მინდა, ჩვენს მოსახლეობას მივმართო, გააკეთონ შედარება, როდესაც ხალხი თვეობით იდგა ქუჩაში დაა სახელმწიფოს მხრიდან არ იყო აბსოლუტურად არანაირი რეაგირება და როგორ რეაგირებს საზოგადოების მოთხოვნებზე დღევანდელი ხელისუფლება. მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი, თვისობრივი ცვლილება მოხდა. 

     ჩვენ ასევე მივესალმებით საზოგადოებრივი პლატფორმის შექმნას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საზოგადოების ორგანიზებული ჩართულობა. ვფიქრობ, კანონი ასევე იძლევა ამის საშუალებას, რომ როგორც დაზარალებული ოჯახების წარმომადგენლები, მათი ადვოკატები, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები, შესაძლოა, დაესწრონ საგამოძიებო კომისიის სხდომებს. ასევე უპრეცედენტოა ის, რომ საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო უმცირესობა წარმოდგენილია უმრავლესობით და კომისიის თავმჯდომარე უმცირესობის წარმომადგენელია"– აღნიშნა პრემიერმა.

       კვირიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული საქმე პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ჯგუფებმა სათავისოდ გამოიყენეს. 

      ,,არ მინდა ბევრი საუბარი იმაზე, პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ჯგუფებმა, სამწუხაროდ, როგორ გამოიყენეს ეს სიტუაცია და აბსოლუტურად არამართლზომიერ, ვითარებისადმი არაადეკვატურ მოთხოვნებს აყენებდნენ და აყენებენ. საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს. ამ საზოგადოებას უცხოვრია იმ სახელმწიფოში, სადაც სახელმწიფო აბსოლუტურად არ უსმენდა ხალხის ხმას, სადაც თვეების განმავლობაში ქუჩაში დგომის მიუხედავად, რეაგირება ნულის ტოლი იყო. დღეს ჩვენ გვაქვს სახელმწიფო, სადაცა ხელისუფლებას ადარდებს ხალხის აზრი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელსაც შეცდომებიც აქვს და უშეცდომო არავინ არის, მაგრამ ამ შეცდომებზე ხდება ადეკვატური რეაგირება, საპასუხო პოლიტიკური ქმედებების დაგეგმვა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ტენდენცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ტენდენცია ჩვენს ქვეყანაში არის დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა"– განაცხადა კვირიკაშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно