„საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დაფუძნება არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური ჟესტი"– კობახიძე


     „საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დაფუძნება არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური ჟესტი- ის წარმოადგენს ჩვენი სამომავლო თანამშრომლობისადმი სრული მზაობის განაცხადს, რაც აღემატება პოლიტიკურ ან იდეოლოგიურ გადაწყვეტილებებს და გვაერთიანებს ჩვენს ისტორიულ დანიშნულებაში",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კიევში, რიგით მეორე საპარლამენტთაშორისო კონფერენციის გახსნაზე განაცხადა.

     კონფერენცია -„საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: რეგიონული და უსაფრთხოების თანამშრომლობის საპარლამენტთაშორისო კომპონენტის განმტკიცება ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთქმედების განვითარებით ” მისასალმებელი სიტყვით, ირაკლი კობახიძესთან ერთად, უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარე ანდრიი პარუბიმ, მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ანდრიან კანდუმ და ლიეტუვის სეიმის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა გახსნეს.
 
     მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სამი ქვეყნის საპარლამენტო ასამბლეის დაფუძნების მნიშვნელობასა და მიზანზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ებრძვიან საერთო პრობლემებს და ასევე, მათ საერთო მიზნები აკავშირებთ.

     „დღეს, სამი ქვეყნის პარლამენტის ლიდერები ხელს მოვაწერთ იმ ასამბლეის ჩამოყალიბების დოკუმენტს, რომელიც წარმოადგენს ჩვენი სამი ქვეყნის საერთო ღირებულებებსა და მისწრაფებებს. ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეა ასახავს წარსულის, აწმყო და სამომავლო თანამშრომლობას და ასევე სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის. დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, ჩვენ განუწყვეტლივ ვებრძვით იმ საერთო პრობლემებს, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტის უსაფრთხოებასთან, ტერიტორიული მთლიანობის დაცვასთან და ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარე ძალების მიერ ხელყოფის მცდელობასთან გამკლავებასთან. ჩვენ გვაქვს საერთო მისწრაფება და გვსურს გავხდეთ დასავლური ოჯახის წევრები და გვწამს, რომ ევრო და ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაცია და მასთან თანამშრომლობა ემყარება ჩვენს ისტორიულ წარსულს, კულტურულ და ეროვნულ მემკვიდრეობას, და ყველაფერთან ერთად, ჩვენი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებას. საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დაფუძნება არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური ჟესტი, არამედ იგი წარმოადგენს ჩვენი სამომავლო თანამშრომლობისადმი სრული მზაობის განაცხადს, რაც აღემატება პოლიტიკურ ან იდეოლოგიურ გადაწყვეტილებებს და გვაერთიანებს ჩვენს ისტორიულ დანიშნულებაში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

     მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ევროკავშირთან დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას შეასრულებს და ასევე, ის ნათელი გზავნილი იქნება ამერიკელი პარტნიორებისთვის.

     „საპარლამენტთაშორისო ასამბლეა შეასრულებს ევროკავშირთან დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას. ჩვენი ქვეყნების პარლამენტებს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ ევროპელ კოლეგებთან ეროვნულ პარლამენტებსა და ასევე ევროპარლამენტში. დღეს, ჩვენ უკვე შეგვიძლია, ერთხმად ვესაუბროთ მათ მრავალმხრივ ფორმატში.

     საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ასევე ნათელი გზავნილი იქნება ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისათვის იმის თაობაზე, რომ თავისუფლებისა და დემოკრატიის მიზეზი ჩვენს ქვეყნებში ცოცხალია, და მიუხედავად მრავალი რეგიონალური პრობლემისა, იგი ახალ განზომილებას იძენს, რითიც ჩვენ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს მოვუწოდებთ მჭიდრო თანამშრომლობისაკენ",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

     პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საპარლამენტთაშორისო ასამბლეას პრაქტიკული ამოცანები აქვს შესასრულებელი. მისივე თქმით, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუციონალიზაცია დამატებით სტრატეგიულ ელემენტს შესძენს თანამშრომლობას.
„საპარლამენტთაშორისო ასამბლეას ერთობ პრაქტიკული მისია აქვს შესასრულებელი - ჩვენი ქვეყნები დგანან მზარდი რეგიონალური არასტაბილურობის, ჩვენს სუვერენიტეტზე და ტერიტორიულ მთლიანობაზე გარე თავდასხმების წინაშე. ჩვენ ასევე ვცდილობთ გავაკეთოთ დამოუკიდებელი არჩევანი და განვსაზღვროთ საკუთარი მომავალი.

     ჩვენი ქვეყნის მთავრობები მჭიდროდ და ნაყოფიერად თანამშრომლობენ, თუმცა საპარლამენტო თანამშრომლობის ინსტიტუციონალიზაცია დამატებით სტრატეგიულ ელემენტს შესძენს ჩვენს ურთიერთქმედებას და უზრუნველყოფს უფრო მყარ დონეზე კოორდინაციას. საპარლამენტთაშორისო ასამბლეის შეხვედრები დაფუძნებული იქნება უფრო ფართო დღის წესრიგზე, რომელიც არ იქნება ფოკუსირებული მხოლოდ მიმდინარე პოლიტიკურ გამოწვევებზე, არამედ იგი განიხილავს ჩვენი ქვეყნების საგარეო და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის უფრო ფართო და უფრო სისტემურ ხედვებს",-განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ.

     საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება გამოხატავს სამი ქვეყნის მოსახლეობის თანხმობას მეგობრული და ძმური ურთიერთობისადმი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოლდოველ და უკრაინელ ხალხთან ერთად დგომა საქართველოსთვის ეროვნული პრიორიტეტისა და უსაფრთხოების საკითხია.

     „საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ასევე გულისხმობს ისტორიულად დამტკიცებული ძლიერი და მნიშვნელოვანი კავშირების გამყარებას ჩვენს მოქალაქეებსა და საზოგადოებებს შორის. იმის ფონზე, რომ ეროვნული პარლამენტები წარმოადგენენ ხალხის ნების ყველაზე ლეგიტიმურ და უშუალო გამომხატველ ორგანოებს, დღევანდელი გადაწყვეტილებით ჩვენ გამოვხატავთ ჩვენი მოსახლეობის ფუნდამენტალურ თანხმობას მეგობრული და ძმური ურთიერთობისადმი. ჩვენი კავშირები, იქნება ეს უსაფრთხოების თუ საგარეო პოლიტიკის სექტორში, ეკონომიკურ თუ ბიზნეს სფეროში, კულტურული და სამეცნიერო - უფრო და უფრო გამყარდება.

     ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა, შევინარჩუნოთ ჩვენი დემოკრატია და დავიცვათ ჩვენი ეროვნული გადაწყვეტილება - ვიყოთ თავისუფალი საზოგადოება. ჩვენს მოძმე მოლდოველ და უკრაინელ ხალხთან ერთად დგომა საქართველოსათვის ეროვნული პრიორიტეტისა და უსაფრთხოების საკითხია. ერთად, ჩვენ უფრო ძლიერნი ვართ და გვსურს განვაცხადოთ ჩვენი პრიორიტეტების, შეშფოთებისა და ღირებულებების შესახებ ჩვენი მეგობრებისა და მოწინააღმდეგეებისთვის",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და მოლდოველ და უკრაინელ კოლეგებს მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно