დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე იმსჯელა


     დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე იმსჯელა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" კომიტეტს საქართველოს პარლამენტის წევრმა, გედევან ფოფხაძემ გააცნო. 

     „კანონპროექტის მიღება განაპირობა საქართველოს კონსტიტუციაში შესულმა ცვლილებებმა და ამ ცვლილებების საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში ასახვის აუცილებლობამ, ვინაიდან კონსტიტუციის ახალმა რედაქციამ მოგვცა შესაძლებლობა უფრო მოქნილები ვიყოთ მოქალაქეობის საკითხთან მიმართებაში",- განაცხადა გედევან ფოფხაძემ. 

     როგორც მომხსენებელმა განმარტა, ახალი რედაქციის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის ავტომატურ საფუძვლად აღარ განისაზღვრება. ახალი რედაქციის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღებისას ურთიერთობების ახლებურად რეგულირებას სამართლებრივი საფუძველი ეყრება. შესაბამისად, იქმნება თვისობრივად ახალი და თანამედროვე კანონმდებლობის მიღების შესაძლებლობა. ამიტომ, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებით, საქართველოს მოქალაქე, იმავდროულად, შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე, თუ ის აკმაყოფილებს კანონპროექტით წარმოდგენილი საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მოპოვების ან საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების პირობებს.

     ასევე, კანონპროექტით დგინდება, რომ საქართველოს მოქალაქე ინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. 

     ასევე,სიახლეს წარმოადგენს აღდგენის დროებითი უფლება. კერძოდ, საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო, უფლება აქვს ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის ვადაში მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით. 

     სხდომაზე დეპუტატებისა და ექსპერტების მხრიდან შენიშვნები გამოითქვა, რასაც, გედევან ფოფხაძის თქმით, ინიციატორები შეაჯერებენ და შესაბამისად, კანონპროექტის საბოლოო რედაქციაში ასახავენ. „მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტი მიღებული იყოს კონსენსუსის შედეგად, რადგან ეს ეხება საქართველოს მოქალაქეობას, ადამიანების სამართლებრივ კავშირს ქართულ სახელმწიფოსთან. შემოღებული უნდა იყოს ლიბერალური წესები, რომ ისინი დაუბრუნდნენ საქართველოს. თუმცა, ამავე დროს, უნდა არსებობდეს სამართლებრივი ბარიერი იმ ადამიანებისთვის, ვინც შეიძლება მოქალაქეობა ქართული სახელმწიფოს საზიანოდ გამოიყენოს. მნიშვნელოვანია, რომ ბალანსი იყოს დაცული",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა. 

     კომიტეტმა, გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა კანონპროექტის შემდგომ განხილვას.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно