დავით ზალკალიანი სამხრეთ კავკასიის მეგობართა ჯგუფის წევრებს შეხვდა


     გერმანიის ბუნდესტაგში სამხრეთ კავკასიის მეგობართა ჯგუფის წევრები საქართველოს ეწვევიან. ამის სურვილი ჯგუფის წევრებმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან გამართული შეხვედრის დროს გამოხატეს. 

     მათ მადლობა გადაუხადეს მინისტრს საქართველოს შესახებ ვრცელი და ინფორმატიული მიმოხილვისთვის და ხაზი გაუსვეს იმ შთამბეჭდავ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია ქვეყნის ევროპული და დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით. ჯგუფის წევრების განცხადებით სქართველო უდავოდ ლიდერია რეგიონში ბევრი მიმართულებით და საქართველოს განსაკუთრებული სიახლოვე აქვს ევროპასთან ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, ქვეყნის განვითარების და სხვა მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით.

     შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა გერმანია-საქართველოს მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობები. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა გერმანიის მნიშვნელოვან როლს დამოუკიდებლობის შემდგომ საქართველოს სახელმწიფოებრივ და ინსტიტუციურ განვითარებაში, ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიზნებში, რასაც ადასტურებს ის წარმატება და ხელშესახები შედეგები, რაც საქართველომ ამ პროცესში მიიღო. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ქვეყნებს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის მნიშვნელობას, რომელიც დამატებით იმპულსს სძენს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველოს პარლამენტში გერმანიასთან მეგობრობის ჯგუფის  საქმიანობა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს გერმანიასთან პარტნიორობას.

     შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, კონფლიქტის მოგვარების იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს. მინისტრმა ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და ადგილზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე. დავით ზალაკლიანმა გერმანელ დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის სასტიკ ფაქტებზე და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე, რომლის საფუძველზეც მთავრობამ შეიმუშავა ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია, რომლის მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევაში მონაწილეებმა პასუხი აგონ ჩადენილ დანაშაულზე. ზალკალიანის განცხადებით ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შემდგომ თავიდან აცილების მიზნით მნიშვნელოვანია აღნიშნული პრობლემისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გარშემო საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაცია.

     მინისტრმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის პროგრამაზე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას, სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფას, განათლების სისტემის რეფორმირებას და ქვეყნის მოდერნიზაციას. დავით ზალკალინმა ხაზი გაუსვა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ახალი მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანზე, რაც უკავშირდება საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში სრულფასოვან ინტეგრაციას. შეხვედრაზე აღინიშნა ხალხთაშორისი ურთიერთობების მნიშვნელობა, ამ მხრივ ხაზი გაესვა უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების გადაწყვეტილებას, რაც კარგი საშუალებაა ახალგაზრდებს, ბიზნეს წრეებს შორის კონტაქტების დასამყარებლად. ასევე აღინიშნა გერმანიის მოქალაქეების მხრიდან საქართველოს ტურისტული პოტენციალის მიმართ მზარდი ინტერესი.
скачать dle 11.0фильмы бесплатно