„რუსეთის ფედერაცია არ ეთანხმება სამ რეზოლუციას, დოკუმენტს რეალობასთან კავშირი არ აქვს"– ტოლსტოი


     დროა, დავამთავროთ ეს ისტერიკა და კონსტრუქტიულ მუშაობაზე გადავიდეთ ევროპის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, რათა ჩვენმა ბავშვებმა ფეხბურთის თამაშის დროს არ იფიქრონ იმაზე, რომ არსებობს რაიმე გამყოფი ხაზები ჩვენს კონტინენტზე, – ამის შესახებ რუსეთის წარმომადგენელმა პიოტრ ტოლსტოიმ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც რამდენიმე რეზოლუციას, მათ შორის საქართველოს მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტს „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ" განიხილავენ.

     „რუსეთის ფედერაცია არ ეთანხმება სამ რეზოლუციას, რომელიც ამ სესიაზე განიხილება. ვფიქრობთ, ისინი მიკერძოებულია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ამ მიდგომას კი ეუთო-ს ფორმატში მიუღებლად მივიჩნევთ, რადგან ის ჩვენი ორგანიზაციის დისკრედიტაციას ახდენს", – აღნიშნა ტოლსტოიმ.

      რუსეთის წარმომადგენლის განცხადებით, პარლამენტარები უნდა ეყრდნობოდნენ ფაქტებს და არა ჭორებსა და ცრუ ამბებს ინტერნეტგამოცემებიდან.

     „სამწუხაროდ, ქალბატონი ზიგერფილდის ანგარიში, უკრაინელი კოლეგების რეზოლუცია, ასევე ე.წ. ქართული რეზოლუცია საქართველოში ომიდან 10 წლის თავზე, – ამ სამივე დოკუმენტს რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ ჩვენ აქამდე ვხედავთ იგნორირებას ყირიმის რუსეთთან შეერთების საკითხთან დაკავშირებით. გვესმის, რომ საჭიროა 20-30 წელი, რომ ამას შეეგუოთ, უცებ არც გაერთიანებულ გერმანიას შეგუებიან. ეს არაფერია, გაივლის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ობიექტური და აწონ-დაწონილი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ და პარლამენტარებმა უნდა იცოდნენ, თუ რაზე საუბრობენ. უნდა მოვიდნენ და თავიანი თვალებით ნახონ ყველაფერი. მხოლოდ ასეთი გადაწყვეტილებები გააჩენს ნდობას ჩვენს ამომრჩევლებში და ჩვენი ორგანიზაციის მიმართ პატივისცემასა და საერთაშორისო ავტორიტეტს", – განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის წარმომადგენელმა.

     პიოტრ ტოლსტოის თქმით, რუსეთი კვლავ ეწინააღმდეგება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე წარდგენილ რეზოლუციას.

     „შესაბამისად, იძულებული ვართ, ჩვენი საერთო დეკლარაციის წინააღმდეგაც წავიდეთ, მიუხედავად იმისა, რომ მასში ბევრი სასარგებლო საკითხი მოხვდა. ვფიქრობთ, ჩვენ უნდა გავამყაროთ ორგანიზაციის ავტორიტეტი ფაქტებზე დაყრდნობის გზით და არა პროპაგანდისტულ განცხადებებზე დაყრდნობით, რაც აქ წარმოდგენილი რუსოფობი დელეგაციებისგან მოვისმინეთ. დროა, დავამთავროთ ეს ისტერიკა და კონსტრუქტიულ მუშაობაზე გადავიდეთ ევროპის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, რათა ჩვენმა ბავშვებმა ფეხბურთის თამაშის დროს არ იფიქრონ იმაზე, რომ არსებობს რაიმე გამყოფი ხაზები ჩვენს კონტინენტზე", – აღნიშნა პიოტრ ტოლსტოიმ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/euto-si-rusetis-warmomadgeneli-droa-davamtavrot-isterika-da-konstruqtiul-musaobaze-gadavidet-evropis-usafrtxoebis-interesebidan-gamomdinare/