ირაკლი კობახიძე: ,,მინდა მოვუწოდო დასავლელ პარტნიორებს, დაგვეხმარონ სტაბილურობასა და დემოკრატიის გამყარებაში"
ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მიმართა


     საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებთან ერთად, საერთაშორისო კონფერენციაში - „პოლიტიკური პირობითობა აღმოსავლეთ ევროპასა და ევრაზიაში: აღქმები და პოლიტიკა" მიიღო მონაწილეობა.
     სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ დასავლეთის ქვეყნებისა და საქართველოს პარტნიორობას, როგორც ქვეყნის განვითარების, სტაბილურობის და დემოკრატიზაციის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს გაუსვა ხაზი.
     პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური წარმატება და დემოკრატიული რეფორმების პროგრესი არის არა მარტო საქართველოს მთავრობის დამსახურება, არამედ დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერის შედეგიცაა.
      ,,პირობითობა ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი ურთიერთობის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და ჩვენი დამოუკიდებლობიდან 25 წლის განმავლობაში, ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევდით დასავლელი მეგობრების რეკომენდაციებს და ვაფასებდით მათ მხარდაჭერას. 
რა თქმა უნდა, ქართველი ერის უდიდესი ნება იყო, რომ ჩამოყალიბებულიყო დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფო, როგორადაც ჩამოყალიბდა საქართველო. თუმცა, დასავლეთის დახმარება და რჩევები ამ პროცესში იყო ასევე ძალიან მნიშვნელოვანი",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
     მისივე თქმით, რთული გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ დამოუკიდებლობის შენარჩუნება და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება მოახერხა.
     ,,იმდენად, რამდენადაც საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა დასავლეთისთვის და დემოკრატიზაციის მხრივ, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თითქმის შეუძლებელია, რომ იგი არ განვიხილოთ რეგიონულ კონტექსტში, განსაკუთრებით - გეოპოლიტიკურად. ჩვენ აღვიქვამთ თავს ევროპული ერების ოჯახის წევრად და ვისწრაფვით ევროკავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრობისკენ. ესაა სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს ისტორიულ წარსულს და ჩვენი ხალხის ნებას ეფუძნება. იმავდროულად, ვაცნობიერებთ, რომ ეს შეიძლება დღეს ან ხვალ არ მოხდეს. საქართველო მოწადინებულია, გააუმჯობესოს დემოკრატიული მაჩვენებლები, პოლიტიკური სტაბილურობა, ეკონომიკური და სოციალური სტანდარტები. თუმცა, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს არჩევანი და სურვილი, უკეთესობისკენ შეიცვალოს. მართალია, რომ ჩვენ რთულ სამეზობლოში ვიმყოფებით, მაგრამ ეს ახალი ამბავი არ არის. გასული ათწლეულებისა და ასევე, საუკუნეების განმავლობაში, საქართველოს რთულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებთან გამკლავება უწევდა. მიუხედავად ამ სირთულეებისა, მოვახერხეთ, რომ შეგვენარჩუნებინა ჩვენი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი და განვავითარეთ ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
     სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარტნიორობა დასავლეთთან უფრო გაძლიერდება და ევროკავშირთან ინტეგრაციაში გადაიზრდება.
     „რეგიონულ ფონზე მნიშვნელოვანი დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის დინამიკაა. ჩვენი პრო-დასავლური ორიენტაცია ქართული პოლიტიკის 25 წლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში, თავისი აღმასვლებითა და დაღმასვლებით, მუდმივად შენარჩუნდა. ჩვენი ერთგულება დასავლეთისადმი კიდევ უფრო ძლიერია.
     ყველაზე კრიტიკული გამოკითხვებიც კი აღიარებს ამ ფაქტს. ამავე დროს, ჩვენ დიდად ვაფასებთ დახმარებასა და რჩევებს, რომლებიც რთულ დროში და რწმენის შენარჩუნებაში დაგვეხმარა. 
ნატომ მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. ჩვენმა მიზანსწრაფულმა ძალისხმევამ მნიშვნელოვანი პროგრესი მოიტანა ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით - ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებისა და შემდეგ ევროპის ქვეყნების უმეტესობასთან ვიზა ლიბერალიზაციის სახით.
     იმედი გვაქვს, რომ ეს მჭიდრო თანამშრომლობა სრულფასოვან ევროპულ ინტეგრაციაში გადაიზრდება. 
     ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია საქართველოს ყველაზე კრიტიკულ მომენტებში და ჩვენი მხრივ, ერთგულნი ვართ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის მიმართ. ეს პარტნიორობა უფრო ძლიერდება და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ამერიკელი მეგობრები გააგრძელებენ საქართველოს თავისუფლებისა და შემდგომი დემოკრატიზაციის მხარდაჭერას",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
     პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აუცილებელია, რომ დასავლეთის ქვეყნებმა უკან არ დაიხიონ აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრციდან და თუ არ გააძლიერებენ, შეინარჩუნონ რეგიონის ქვეყნების სტაბილურობისა და დემოკრატიზაციის მხარდაჭერა.
     „საქართველოს პოლიტიკურმა სტაბილურობამ, ეკონომიკურმა ზრდამ და დემოკრატიულმა რეფორმებმა ბევრი შექება დაიმსახურა. თუმცა, გვესმის, რომ დასავლეთმა უნდა შეინარჩუნოს, თუ არ გააძლიერებს, მისი ჩართულობა აღმოსავლეთ ევროპაში და დანარჩენ რეგიონში.
უნდა გავაცნობიეროთ, რომ რუსული აგრესიის განმეორებამ, დემოკრატიზაციის სტაგნაციამ და ეკონომიკური ზრდის შენელებამ შეიძლება გამოიწვიოს გრძელვადიანი პრობლემები, რომელთა დაძლევა მომავალში უფრო რთული იქნება, ვიდრე დღეს არის.
      მაშასადამე, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს დასავლელ პარტნიორებს მათი მხარდაჭერისთვის და მოვუწოდო, გაზარდონ ვალდებულებები საქართველოს და რეგიონის მიმართ, რათა უზრუნველყონ თავისუფლების გადარჩენა და დაეხმარონ სტაბილურობასა და დემოკრატიას გამყარებაში",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
      საერთაშორისო კონფერენციაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ.
იანოშ ჰერმანის განცხადებით, ბოლო წლებია, პირობითობა განხილვის საგანი გახდა ევროკავშირშიც. იან კელიმ ათასწლეულის გამოწვევისა და საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.
საერთაშორისო კონფერენცია სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ორგანიზებითა და ამერიკის აშშ-ის „დემოკრატიის ეროვნული ფონდის" მხარდაჭერით გაიმართა.
     ღონისძიებაში მონაწილეობა ირაკლი კობახიძესთან, იანოშ ჰერმანთან და იან კელისთან ერთად, ევრაზიის დემოკრატიული უსაფრთხოების ქსელის წევრებმა მიიღეს.
скачать dle 11.0фильмы бесплатно