,,ცესკო-ს ვაფრთხილებ, რომ არც ერთ ხმას არ გავაყალბებინებთ და ის არ გაუვათ, რასაც აპირებენ"- ვაშაძე


     ,,ცესკო-ს ვაფრთხილებ, რომ არც ერთ ხმას არ გავაყალბებინებთ და ის არ გაუვათ, რასაც აპირებენ,"– ამის შესახებ ,,ძალა ერთობაშიას" წევრმა გიორგი ვაშაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
 
     ვაშაძის ცნობით, ცესკო-მ საარჩევნო ადმინისტრაციების ფორმირება „ქართული ოცნების" რაიონულ შტაბებსა და სუს-ის წარმომადგენლებს გადააბარა.

     „ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით დგინდება, რომ საარჩევნო კომისიის 76 ე.წ. დამოუკიდებელ ვაკანსიაზე გასაუბრების გარეშე „ქართული ოცნების" შტაბის წევრების, სუს-ის მაღალჩინოსნების ან საარჩევნო ადმინისტრაციაში მომუშავე ადამიანების ოჯახის წევრები დანიშნა. ეს მიუთითებს, რომ არჩევნების გაყალბებას აპირებენ. ცესკო-ს ვაფრთხილებ, რომ არც ერთ ხმას არ გავაყალბებინებთ და ის არ გაუვათ, რასაც აპირებენ", – აღნიშნა ვაშაძემ.

     ვაშაძემ საარჩევნო ოლქებში არჩეული ის პირებიც დაასახელა, რომელთა ოჯახის წევრებიც, მისი ინფორმაციით, „ქართულ ოცნებასთან" ან სუს-თან არიან დაკავშირებული.

     „საბურთალოზე მაია ფეტვიაშვილი აირჩიეს, რომელიც კრწანისის ოლქის თავმჯდომარის მეუღლეა. ისნის ოლქში, ე.წ. დამოუკიდებელ კანდიდატად ფიქრია ნიკოლაიშვილი დაინიშნა, რომელიც „ქართული ოცნების” შტაბის წევრის, გრიგოლ გოგუას მეუღლეა. თამარ ჟვანიამ კი, თელავში საკუთარი მაზლის ცოლი ლეილა სიბაშვილი დანიშნა. ასევე, მესტიის სუს-ის ხელმძღვანელმა ლენტეხში საკუთარი მეუღლე მარინა ბენდელიანი დანიშნა. ამბროლაურში ქეთევან ბაღაშვილი დაინიშნა, რომელიც საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის მეუღლეა. რისთვის გვყავს საერთოდ ცესკო", – განაცხადა ვაშაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно