,,გერმანია ერთიანი გახდა, ჩვენ საქართველოსათვის იგივე მომავალს ვიმედოვნებთ"– მარგველაშვილი


     ,,გერმანია მრავალი წლის მანძილზე საქართველოს დიდი მხარდამჭერი იყო. ჩვენი დამოუკიდებლობის დასაწყისიდანვე გერმანელებმა ითავეს ლიდერობა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში მხარდაჭერისათვის. როდესაც ჩვენ ვფიქრობთ საკუთარ მომავალზე და ჩვენს ყველაზე პრობლემურ საკითხებზე, გვახსოვს, რომ გერმანია გაყოფილი იყო და ის გახდა ერთიანი, ძლიერი ერი, ევროპული პროცესების ლიდერი და ხედვის განმსაზღვრელი.

    ჩვენ საქართველოსათვის იგივე მომავალს ვიმედოვნებთ და ვიცით, რომ ამ გზაზე გერმანიის სახით გვყავს საუკეთესო მეგობარი", - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის ფედერალურ კანცლერთან შეხვედრისას გააკეთა.

     როგორც ანგელა მერკელმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას აღნიშნა, მან პირობა შეასრულა და საქართველოს ესტუმრა: "მე რამდენჯერმე დაგპირდით და როგორც იქნა, ახლა შევძელი პირობის შესრულება, თუმცა ვიცი, რომ დიდი დრო დაჭირდა ამას. მოხარული ვარ, რომ ვხედავ საქართველოს დემოკრატიისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გზაზე. ვფიქრობ, რომ თქვენ მიაღწიეთ ძალიან დიდ პროგრესს ბოლო ათი წლის მანძილზე".

     ვიზიტის უმთავრესი თემა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, უსაფრთხოების საკითხები და საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკა იყო. საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხებს, რადგან თავდაცვის სფეროში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან საკმაოდ ინტენსიური თანამშრომლობა მიმდინარეობს და რაც კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიას.

     მხარეებმა შეხვედრისას განიხილეს საქართველო - გერმანიას შორის არსებული დღის წესრიგის ფართო სპექტრი: ორმხრივი ურთიერთობების საკითხები - სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განვითარება. ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობა - საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ის საკითხები, რამაც უფრო ინტენსიური უნდა გახადოს საქართველოს და გერმანიის ურთიერთობები.

     შეხვედრას ესწრებოდნენ: გერმანიის სახელმწიფო მდივანი, პრესის ფედერალური სამსახურის უფროსი შტეფენ ზაიბერტი, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰაიკე ფაიჩი, კანცლერის მრჩეველი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში იან ჰეკერი, კანცლერის ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის საკითხებში ლარს ჰენდრიკ როელერი, კანცლერის მრჩეველი ევროპული პოლიტიკის საკითხებში უვე კორსეპიუსი, სამხრეთკავკასიის განყოფილების უფროსი მათიას ლიუტენბერგი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილი.
скачать dle 11.0фильмы бесплатно