,,ქვეყანაში 2 უნივერსიტეტი უნდა ფუნქციონირებდეს, - თბილისში და ქუთაისში"- კირვალიძე


     თურქული, კერძო სახსრებით, ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაფუძნებული "შავი ზღვის" უნივერსიტეტის პერიპეტიებთან დაკავშირებით... გულწრფელად განვიცდი ამ სასწავლებლის ქართველი სტუდენტების მდგომარეობას, რადგანაც ისინი არაფერ შუაში არიან, პრობლემა შემდეგშია და ის ეროვნულ ხასიათს ატარებს!

     საქართველოში საბჭოთა პერიოდში აღმოცენებულმა საშინელმა სენმა, რასაც "უდიპლომო სასიძო და უდიპლომო რძალი" ჰქვია, დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში (კერძო უმაღლესი სასწავლებლების, ანუ ე.წ. უნივერსიტეტების დაფუძნება-ამოქმედება) "იბარტყა" და ეროვნული კატასტროფისკენ მიაქანებს ქვეყანას! საქართველოში ტერმინი "უნივერსიტეტის" მნიშვნელობა გააყალბეს და დღეს, 4 მილიონიან ქვეყანაში 50-მდე "უნივერსიტეტია", რაც კატასტროფაა!.. 

     ქვეყნის სიძლიერე და განათლებულობა არ გაიზომება - "ორღობის უნივერსიტეტების დიპლომების" რაოდენობით, რომლის უკან არანაირი ცოდნა არ არის! ამავდროულად, დადებითთან ერთად, ორმაგად უარყოფითი და საშიშია, უცხო სახელმწიფოების ან პერსონების ფინანსებით შექმნილი "უნივერსიტეტები", რადგანაც არ უნდა გამოვრიცხოთ მათი ქართველი კურსდამთავრებულების "გამოყენება" საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ!.. 

     ესაა ურთულესი საკითხი და თავის მოტყუებაა ამის არ გათვალისწინება, რომელიც პირად და ეროვნულ ტრაგედიად დაუბრუნდება ქვეყანას! საქმე ის არის და ეს საყოველთაოდ ცნობილია, რომ მაღალგანვითარებულ სახელმწიფოებში (ამერიკა, ევროკავშირი, იაპონია და სხვა), ერთი მაღალკვალიფიციური, მოქმედი უნივერსიტეტი (15-20 ათასი სტუდენტი), გათვალისწინებულია 3-4 მილიონიან მოსახლეობაზე, ანუ ეს უნივერსიტეტი მოიცავს ამ ოდენობით დასახლებულ რეგიონს! ასეა ეს აშშ-ში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში და სხვა ცივილიზებულ ქვეყნებში!

     ასე რომ, საქართველოში, 4 მილიონამდე მოსახლეობით, სადაც ყოველწლიურად საშუალოდ 40 ათასამდე აბიტურიენტია, - მაქსიმუმ უნდა ფუნქციონირებდეს 2 ეროვნული მნიშვნელობის უნივერსიტეტი! ქვეყნის ტრადიციების და გეოგრაფიის გათვალისწინებით, ერთი თბილისში და ერთიც ქუთაისში, თითოეულში 15-20 ათასამდე სტუდენტ-ასპირანტით, რაც მთლიანად დაფარავს კვალიფიციური უმაღლესი განათლების მიღების მსურველთა მოთხოვნას და საბოლოოდ აღმოფხვრის ცრუ, "ლიპა" დიპლომების არსებობის პრობლემას! დანარჩენ, დღეს არსებულ ე.წ. უნივერსიტეტებს, უნდა ჩამოერთვას ეს საპატიო წოდება, მათ შეუძლიათ გაიარონ აკრედიტაცია როგორც - კოლეჯებმა, ლიცეუმებმა და სხვა! საქართველოს ჰაერივით სჭირდება პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლების სისტემის ჩამოყალიბება, თორემ გადავიქცევით (თუ უკვე არ ვართ), - "უნივერსიტეტების დიპლომიანთა გაუნათლებელ" ქვეყნად, რომელსაც მთელ რიგ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სფეროებში სპეციალისტები არ ჰყავს და აქედან გამომდინარე, არც მომავალი არა აქვს!!!
 
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно