,,მნიშვნელოვანია, კასპიის რეგიონის ნავთობი და გაზი საქართველოს გავლით მოხვდეს ევროპაში"


     გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შედეგებზე მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. 

    პრემიერის თქმით, ევროკავშირი რჩება საქართველოს თანმიმდევრულ და ძლიერ მხარდამჭერად, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დამცველად. 

     ,,ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვისაუბრეთ სამომავლო ნაბიჯებზე, ევროკავშირის კიდევ უფრო აქტიურად ჩართულობის კუთხით კონფლიქტების მოგვარების საკითხებში. გვაქვს საკმაოდ საინტერესო გეგმები და ვიმედოვნებთ, რომ ის ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო დგამს აფხაზებთან და ოსებთან ნდობის აღდგენის, ეკონომიკური აქტივობის გაზრდის კუთხით, გამოიღებს ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს და ევროკავშირის ჩართულობა ჩვენი წინადადებების განხორციელების მიმართულებითაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

     მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საბჭოს სხდომაზე ყურადღება ასევე დაეთმო საქართველოს მნიშვნელოვან როლს ენერგეტიკის მიმართულებით.

     „პოტენციალი, რომ კასპიის რეგიონის ნავთობი და გაზი საქართველოს გავლით მოხვდეს ევროპაში, კიდევ უფრო მაღალია და ვფიქრობთ, საინტერესო ახალი პროექტები გველოდება ამ მიმართულებითაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა, არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ მოსახლეობა იყოს დამუხტული და მოტივირებული ამ დღის წესრიგით, რადგან ეს არის ის გზა, რომელსაც საქართველო მიჰყავს კეთილდღეობამდე და ეს აუცილებლად მოიტანს ხელშესახებ შედეგებს ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ასევე საინტერესო შეხვედრა შედგა ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომთან, რომელზეც შედგა შეთანხმება, რომ ევროკავშირი ქართული საწარმოების სერთიფიცირების შესაძლებლობას განიხილავს.

      „ჩვენ შევთავაზეთ, განვიხილოთ თითოეული ცალკეული საწარმოს სერთიფიცირების საკითხი, რათა მათ შეძლონ ევროკავშირის ბაზარზე ნაწარმის გატანა მანამ, ვიდრე მთლიანად ქვეყანაში განხორციელდება ინსტიტუციური და სისტემური რეფორმები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სხვა საწარმოებისთვის მოტივაციის შექმნის კუთხით, რათა წარმატებული შემთხვევები გახდეს საჩვენებელი და მათ ასევე შეძლონ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის პოტენციალის გამოყენება. პრინციპული თანხმობა მივიღეთ და ვიწყებთ პროცედურებს, რომლებიც შეგვაძლებინებს, ჩვენს მეწარმეებს მივცეთ ევროპის ბაზარზე უმოკლეს პერიოდში გასვლის საშუალება. ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა და იმედი მაქვს, ამ პროცედურებს მალე და წარმატებით დავასრულებთ", - აღნიშნა პრემიერმა.

скачать dle 11.0фильмы бесплатно