დევიდ პრაისი: ,,მეზობელი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ტერიტორია წარმოადგენს მუდმივ საფრთხეს"


     აშშ–ს კონკრესში ირაკლი კობახიძის საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს მიმართა მასპინძელმა, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატასთან არსებული კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარემ დევიდ პრაისმა. კონგრესმენმა ირაკლი კობახიძეს ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დიდად აფასებს მეგობრობას საქართველოსთან.
     „ჩვენ მეგობრები ვართ იმ ურთიერთობის საფუძველზე, რომელიც წლების განმავლობაში ავაშენეთ - განსაკუთრებით, კი საქართველოს პარლამენტის წევრებთან. გვახსოვს, რისკენ მიისწრაფვის საქართველო. ის მეგობრობა, რომელიც გვაკავშირებს და სოლიდარობა, რომელსაც საერთო ღირებულებების საფუძველზე ვგრძნობთ, დემოკრატიის, ჩვენი მოქალაქეებისთვის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისა და ეფექტური წარმომადგენლობითი ინსტიტუტის ჩამოყალიბების სურვილი - ეს არის ის საკვანძო ფაქტორები, რომელზეც დგას დემოკრატია", - განაცხადა დევიდ პრაისმა. 
     მისი თქმით, საქართველოს ამ ყველაფრის განხორციელება რთულ სამეზობლოში, ტერიტორიების ოკუპაციის ფონზე უხდება.
     „ყველამ ვიცით, რომ საქართველოს ამ ყველაფრის განხორციელება რთულ გარემოში უწევს, იმ სამეზობლოში, სადაც არიან ავტოკრატიული ქვეყნები და იმ მეზობლის ფონზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის თითქმის მეოთხედი და წარმოადგენს მუდმივ საფრთხეს. ეს ნამდვილად რთული გარემოა და ამიტომ, ვაფასებთ, რომ ქართველი ხალხი, ყველა პოლიტიკური სპექტრიდან, მუდმივად ისწრაფვის თავისუფლებისაკენ და გამოხატავს თვით გამორკვევის წარმოუდგენლად ძლიერ სურვილს. საქართველოს აქვს უნარი, განსაზღვროს საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური კურსი იმისთვის, რომ გახდეს ევროპის ნაწილი. თვითგამორკვევა ფუნდამენტური საკითხია. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ",- განაცხადა კონგრესმენმა.
     აშშ-ს წარმომადგენელთა პალატასთან არსებული კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარემ პარლამენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხალხისა და ეროვნული ინტერესების მხარდასაჭერად აუცილებელია ძლიერი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. დევიდ პრაისმა დემოკრატიული პარტნიორობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერების მხარდაჭერა გაგრძელდება.
„გვესმის, რომ პარლამენტის წევრებისათვის მნიშვნელოვანია, იყვნენ უფრო მეტად ეფექტურები, უფრო გამოცდილები, რომ პარლამენტი იყოს უფრო ეფექტური იყოს და ეს არის ჩვენი კრიტერიუმი. ჩვენ არასოდეს გვქონია იმაზე ნაყოფიერი ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან, ვიდრე საქართველოსთან.
ჩვენ ვიმუშავებთ თქვენს ქვეყანაში პარლამენტის დონეზეც, მოგიწვევთ თქვენც, ჩავატარებთ სემინარებს. ვცდილობთ, ავაშენოთ ინსტიტუტები, განვავითაროთ დემოკრატია და ეს ბევრ მუშაობასა და თავდადებას მოითხოვს. 
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა დემოკრატიისათვის. თუმცა, ასევე გადამწყვეტია ის, თუ რა ხდება არჩევნებს შორის. თუკი პარლამენტი ეფექტურია, მაშინ უფრო მეტი შანსი გაქვთ, ემსახუროთ ხალხს და მიიღოთ სტაბილური, უსაფრთხო და გრძელვადიანი დემოკრატია. გვსურს, საქართველოში ვიხილოთ ასეთი ტიპის ინსტიტუციური გაძლიერება და მზად ვართ შემდგომი თანამშრომლობისათვის",- განაცხადა დევიდ პრაისმა.
აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე ტედ პომ სიტყვით გამოსვლა ქართველი ჯარისკაცებისთვის მადლობის გადახდით დაიწყო. მისი თქმით, ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში უზარმაზარ სამუშაოს ასრულებენ და შეუფასებელ დახმარებას უწევენ თანამებრძოლებს.
საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ იმ ღირებულებებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს აკავშირებს. მისივე შეფასებით, საქართველოს რთული სამეზობლო აქვს. ტედ პოს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ჯერ კიდევ აქვს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების დაბრუნების სურვილი და სწორედ ამიტომ, ამ მიზნის შესასრულებლად, პირველად საქართველოს, როგორც რეგიონში ყველაზე ძლიერ დემოკრატიულ ქვეყანას დაესხა თავს.
„საქართველო იყო და არის ყველაზე ძლიერი დემოკრატიული ქვეყანაა რეგიონში და პუტინს სწამს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოს დაამარცხებს, მოერევა დანარჩენ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებსაც. ამიტომ, რა თქმა უნდა, ის თავს დაესხა ჯერ საქართველოს, შემდეგ უკრაინას და შეეცადა თავისი გავლენის გაფართოებას. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ იდგეს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას გვერდით, რათა ამ ქვეყნებმა თავისუფლება და დამოუკიდებლობა შეინარჩუნონ და რომ ისინი რუსული იმპერიალისტური ზრახვების მარიონეტები არ არიან",- განაცხადა კონგრესმენმა.
სიტყვით გამოსვლისას ტედ პომ 2008 წელს საქართველოში ვიზიტი გაიხსენა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები უკანონოდ აქვს ოკუპირებული. მისი განცხადებით, სწორედ ესაა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა, რომელიც არ შეიცვლება.
„მე ვიმყოფებოდი საქართველოში 2008 წელს, რუსეთის მიერ შემოჭრიდან და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან 1 კვირის შემდეგ. ვნახე რუსული ტანკები. რუსებს ჯერ კიდევ არ დაუტოვებიათ თქვენი ქვეყანა. ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა ასეთია, რომ რუსეთს უკანონოდ აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები და ეს პოლიტიკა არ შეიცვლება, რადგან ეს სიმართლეა. რუსები ასევე უკანონოდ ახდენენ უკრაინის ოკუპაციას",- განაცხადა კონგრესმენმა.
აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ დემოკრატიის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. „გვსურს, დემოკრატიის გაუმჯობესებაში დაგეხმაროთ. დემოკრატია რთული საქმეა. ხანდახან შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ დემოკრატია არ მუშაობს, მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან დემოკრატია აჩვენებს, რომ ის ნამდვილად მუშაობს. როდესაც ხალხს შეუძლია განსხვავებული აზრების გახმოვანება და საერთო გადაწყვეტილებამდე მისვლა და როდესაც გყავთ სპიკერი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ყველას შეეძლოს ამ პროცესში მონაწილეობის მიღება, ეს აჩვენებს, რომ დემოკრატია მუშაობს. ვამაყობ, რომ კონგრესმენ ჯერი კონოლისთან ერთად, ვარ მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე. ჩვენ, ასევე, ვარ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები, რომელსაც საქართველომ გასულ წელს უმასპინძლა. ვფიქრობ, რომ ეს ბევრს მეტყველებს საქართველოსა და დასავლეთის, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობაზე",- განაცხადა ტედ პომ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა აშშ-ს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი, ჯონათან ნეში, რომელმაც საქართველოსთან წარმატებული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ ამ მხრივ შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწია.
მიღებას, რომელიც ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპატივცემულოდ გაიმართა, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატასთან არსებული კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარემ, დევიდ პრაისმა უმასპინძლა. ღონისძიებას კონგრესისა და სენატის წევრები, ასევე, ექსპერტები ესწრებოდნენ.

скачать dle 11.0фильмы бесплатно