,,გთხოვთ, არ აჰყვეთ და არ გაიმეტოთ ერთმანეთი, ქოც-ნაცების პოლიტიკური დაპირისპირების გამო"- პოლიტოლოგი


      არჩევნებამდე დღეებიღა დარჩა და ქვეყანაში პოლიტიკური ატმოსფერო სიძულვილითაა გაჟღენთილი! 

      ჰოდა, ქართველებო, ისე ნუ ვიზამთ, რომ საქართველოს და ჩვენი ხალხის მტრები გავახაროთ, ერთმანეთისადმი დაუნდობლობით და სისასტიკით! გთხოვთ, არ აჰყვეთ და არ გაიმეტოთ ერთმანეთი, ქოც-ნაცების პოლიტიკური დაპირისპირების გამო, მათი ხელისუფლებაში დარჩენისა თუ მოყვანისათვის! პირიქით, ერთად დავდგეთ ქართველებო,  არავის გავაბედინოთ და არ გადავაყოლებინოთ უფსკრულში, ჩვენი სამშობლოს აწმყო და მომავალი! ქართველებო, გენაცვალეთ, - დინჯად, მშვიდად, წყნარად გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი და პატივივცეთ ერთმანეთის აზრს!..

      დიახ, რაც წლები მემატება და სამწუხაროდ, რაც სულ უკან და უკან მიდის ჩვენი ქვეყნის და ხალხის უმრავლესობის მდგომარეობა, განუწყვეტლივ ვფიქრობ, რატომ ხდება ეს, - რაშია "ჩვენი უთავბოლობის, ეროვნული და პიროვნული მოუწესრიგებლობის, გაუტანლობის, არაერთპირობის მიზეზი და სათავე"?!.. ალბათ, სხვა მიზეზებთან ერთად, ეს არის "მოყვასისადმი მოშურნეობა", მის მიმართ სიყვარულის ნაკლებობა (მოჩვენებითობა!) და არარსებობაც კი!.. მეტიც, ეს არის  "მოყვრის ჯინაზე" - ცხოვრება, პიროვნული წარმატებებისკენ ეგოისტური სწრაფვა, სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ საქმეებში საპირისპირო ქმედება, თუნდაც ზიანის მომტანი იყოს იგი ქვეყნისთვის და ხალხისთვის! აქედანაა ყველა უბედურება, სწორედ "მოყვრის ჯინაზე", - დავერიეთ ერთმანეთს და სისხლისღვრით შევხვდით თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს დაბადებას 1991-92 წლების დეკემბერ-იანვარში! დიახ, "საშოდან გამოსვლა არ ვაცადეთ", ისე დავიწყეთ თავისუფალი ქვეყნის "მკვლელობის პროცესი", რომელიც დღემდე გრძელდება, ისევ და ისევ "მოყვრის ჯინაზე"!!!

      მე კი, სულელი, იმას ვდარდობდი, რომ მეგონა და ჩვენს დიდ ეროვნულ ნაკლად მიმაჩნდა, შემდეგი სიტყვების წარმოთქმა - "მტრის ჯინაზე" - და მასთან დაკავშირებული ადამიანური გრძნობები!! ვაგლახ, თურმე ეს რაა იმასთან შედარებით, რასაც "მოყვრის ჯინაზე" ყოფა-ცხოვრება ეწოდება, თუ ეს "ცხოვრებაა"!..

      ჩვენ, ღმერთის ხსენებისას, შევთხოვოთ უფალს, ყველა სალოცავს, რომ მოყვასის ჭეშმარიტად ქრისტიანული და არა ფარისევლური სიყვარული გვასწავლოს, რადგან ეტყობა, რომ კაი ხნის დავიწყებული გვაქვს ეს ღვთისგან ბოძებული გრძნობა... და მერე, აუცილებლად გადავრჩებით - ჩვენც,  საქართველოც და რაც მთავარია, ჩვენი შთამომავლობაც!!!... 

     P.S. "გიყვარდეს, მოყვასი შენი"!...

ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно