ჰასან როუჰანიმ ყველა მუსლიმს აშშ-ის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა


     ჰასან როუჰანიმ ყველა მუსლიმს ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა.

     ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი აღნიშნული განცხადებით ისლამის ყოველწლიურ კონფერენციაზე გამოვიდა.

     პირველი პირის თქმით, საერთაშორისო მასშტაბით მცხოვრები მუსლიმები ერთად უნდა დადგნენ, რადგან დასავლეთი, რომელსაც სათავეში ვაშინგტონი უდგას, მათ რელიგიას საფრთხეს უქმნის.

     კონფერენციაზე საუბრის დროს, ირანის ლიდერმა რეგიონული კონკურენტი, საუდის არაბეთი მოძმე ერადაც კი მოიხსენია. თეირანსა და ერ-რიადს რელიგიური უთანხმოების პარალელურად განსხვავებული პოლიტიკური ინტერესები აქვთ. ისინი სირიის, ერაყისა და იემენის კონფლიქტებში ერთმანეთთან დაპირისპირებულ მხარეებს მფარველობენ. ამის მიუხედავად ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ ახლა მათ საერთო ინტერესები აქვთ.

     „ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ საუდის არაბეთის მოსახლეობა ტერორიზმისა და აგრესიისგან. ამისთვის კი 450 მილიარდ დოლარს არ მოვითხოვთ”,- განაცხადა ირანის ისლამური რესპუბლიკის ლიდერმა.

     აღნიშნულ თანხაში კი ის კონტრაქტები იგულისხმა, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საუდის არაბეთს შორის არსებობს.

     სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამო ვაშინგტონსა და ერ-რიადს შორის თანამშრომლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

     ამასთან ერთად, გამწვავებულია ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის. ამის მიზეზი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაა, რომელიც ირანის ბირთვული შეთანხმებიდან შტატების გამოთიშვას და თეირანის წინააღმდეგ გაუქმებული სანქციების განახლებას ითვალისწინებს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/hasan-rouhanim-yvela-muslims-ashsh-winaaghmdeg-gaertianebisken-mouwoda/