,,ისე ნუ იზამთ, რომ უცხოელებზე ქართული მიწების გაყიდვის შედეგად, საქართველოს - "ნაქართველარი" ეწოდოს"!- კირვალიძე


     საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, სხვადასხვა დონის სასამართლოების, მასმედიის და ე.წ. "ენჯეო"-ების წარმომადგენლებს! "მთვლემარე", ქართული საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს!

     "უკვე, მეხუთე დღე იქნება, რაც ქართული საზოგადოების მცირე (?!), მაგრამ პატრიოტულად გულანთებული ნაწილი, სანაპიროზე, იუსტიციის სახლთან მართავს საპროტესტო აქციას, რომელიც ქართული მიწის უცხოელებზე გაყიდვის მორატორიუმის გაუქმებას უკავშირდება, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს ამასწინდელი გადაწყვეტილებით მოხდა! საქმე ის არის, რომ წლინახევრის წინ, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონსტიტუციაში შესატანა ცვლილებების განხილვისას, ქართველების სწორედ ამ "მცირე ნაწილის მეცადინეობით", ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, რომ საქართველოს კონსტიტუციაში მკაფიოდ ჩაწერდა , - "საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა უცხოელებზე არ იყიდება", - ხოლო, ორგანული კანონი დაარეგულირებდა "გამონაკლის შემთხვევებს"! მოკლედ, გამოცხადდა მორატორიუმი, ხოლო ეს ცვლილებები კი ამოქმედდებოდა ქვეყნის კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან და საქართველოს ახალი პრეზიდენტის უფლებამოსილების ცნობასთან ერთად! "რატომღაც", მოხდა ისე, რაზეც ზევით მოგახსენეთ, საკონსტიტუციო სასამართლიმ "საჭიროდ ჩათვალა" აღნიშნული მორატორიუმის გაუქმება, რამაც უცხოელებისათვის "გააჩინა შესაძლებლობა", რომ 9 დღიან ვადაში (16 დეკემბრამდე, ვიდრე გაიმართება ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია) შეძლებოდათ ჩვენი მიწების ყიდვა-დაკანონება! უკაცრავად, თუ ცოტათი არეულად გადმოვეცი საკითხის შინაარსი... მაგრამ, ეს არ არის მთავარი, მთავარი ის არის, თუ როგორი სიტყვებით, ეპითეტებით "გვამკობდით" (ახლაც აგრძელებთ, განსაკუთრებით "თავაშვებული ულტრალიბერალები"!) იუსტიციის სახლთან მდგომ, პროტესტის გამომხატველ ქართველებს! ჩამოგითვალოთ? კი ბატონო! - "რასისტები, ქსენოფობები, ნაცისტები, ბნელები, ურაპატრიოტები" და სხვა!...

     ამასთან დაკავშირებით, მე მაქვს ორიოდე კითხვა თქვენთან, განსაკუთრებით მათთან, ვინც ევროპული სამი საერთაშორისო ენიდან, თუნდაც ერთი იცის: ინგლისური, ფრანგული, გერმანული. - თუ იცით, ამ ენებში, არსებობს ისეთი ერთი(!) სიტყვა-ტერმინი, რომელიც იძლეოდეს საშუალებას, რომ ერთი სიტყვით(!) ითარგმნოს შემდეგი ქართული სიტყვები:"ნასახლარი, ნასოფლარი, ნასაყდრალი, ნაციხარი, ნაქალაქარი"?! - ალბათ, გაიკვირვებთ, რა კავშირი აქვს ამ შეკითხვას ქართული მიწის ყიდვა-გაყიდვის საკითხთან, არა?! - პირდაპირი კავშირი აქვს და ამაში მალე დარწმუნდებით, ჩემს აუხსნელადაც მიხვდებოდით, უბრალოდ, ეტყობა, რომ "მოუცლელობის გამო, დრო არ გრჩებათ", - მამულზე საფიქრალად!!! 

     დიახ, დროს ნუ დახარჯავთ, უცხოურ სიტყვათა ლექსიკონებში ძებნით, რადგანაც არცერთ ამ საერთაშორისო, ძირითად ევროპულ ენებში ვერ ნახავთ ჩემს მიერ ჩამოთვლილი ქართული სიტყვების შესატყვის თარგმანს! რატომ? იმიტომ, რომ არ არსებობს! 

     საქმე კი გახლავთ შემდეგში, რომ საქართველო და ქართველი ერი მრავალი საუკუნის მანძილზე თავს იცავდა ისლამური სახელმწიფოების და ხალხების შემოსევებისაგან, რაც სრულ განადგურება-გადაგვარებას გვიქადდა! ჩვენს წინააღმდეგ განუწყვეტელ ბრძოლას ეწეოდნენ, - თანამედროვე "ინვესტორების ხმალამოღებული" წინაპრები, რომელთა "გენოციდური ხასიათის" ომებისა და ოკუპაციების შედეგად, საქართველოში და ქართულ ენაში გაჩნდა სიტყვები:"ნასახლარი, ნასოფლარი, ნასაყდრალი, ნაციხარი" და სხვა! საქართველოს ისტორია და გეოგრაფია (ტოპონიმიკა) ამაზე მეტყველებს, დაუნდობელმა მტრებმა ასეულობით ქართული სამოსახლო ადგილი გადააქციეს ნასახლარად, სოფელი ნასოფლარად, საყდარი ნასაყდრალად, ციხე-სიმაგრეები ნაციხარად, - სწვავდნენ, საძირკვლიანად ანგრევდნენ, ვაზიდან დაწყებული ყველაფერს კაფავდნენ, დატყვევებულ ქალს, კაცს თუ ბავშვს მონებად ჰყიდდნენ!!! ჰოდა, თუ ქართველების ეს "მცირე", მაგრამ ქვეყნის მოყვარული ნაწილი, დღეს ამგვარ "სიფრთხილეს" ვიჩენთ, რაც ისტორიულად, რელიგიურად, დემოგრაფიულად, ეკონომიკურად, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და სრულიად საფუძვლიანია, რატომღა მოგვიხსენიებთ ამ შეურაცხმყოფელი ტერმინებით, განა, სამშობლოს და ერის ინტერესების დამცველები, დღეს ამას იმსახურებენ?! მაშინ, თუ ასეა, თქვენგან ჩვენი გმირი და ბრძენი წინაპრები, "გასალანძღი" ყოფილან?! თუ ასე ფიქრობთ, თქვენს სინდისზე იყოს, გულწრფელად მეცოდებით... 

     დავამთავრებ სათქმელს... შედარებისთვის, ევროპაში სულ სხვა ისტორიასთან გვაქვს საქმე, ამიტომაც, ევროპელებისთვის გაუგებარია და მათთან ოფიციალური თუ არაოფიციალური შეხვედრებისას თქვენ არ უხსნით მათ (გეშინიათ, "რასისტ-ჰომოფობებად" არ ჩაგთვალონ!), თუ რატომაა ქართველების "მცირე ნაწილის" ფრთხილი დამოკიდებულება თანამედროვე არაბი, ირანელი თუ თურქი "ინვესტორების" და ინვესტიციების მიმართ! განსაკუთრებით კი მათი, ვისაც ქართული მიწის ყიდვა უნდა, რასაც მათი დასახლება-გამრავლება, რელიგიური საკულტო შენობების მშენებლობა მოჰყვება, უკვე მათ "საკუთარ მიწაზე"! ასე რომ, მიწის "წამოკიდება და წაღება" არ დაჭირდებათ, ისე დაფუძნდებიან საქართველო-"გურჯისტანში"! 

     დიახ, ევროპელების ისტორიული მეხსიერებისთვის, ერის ამგვარი "ყოფნა-არყოფნის" მდგომარეობა უცნობია, რადგან ასეთი რამ ევროპაში არ მომხდარა! დიახაც, როდესაც ქართველი ერი ფიზიკური გადარჩენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისათვის სამკვდრო-სასიცოცხლოდ იბრძოდა, იმ საუკუნეების ევროპაში ფეოდალური ომები სულ სხვა, თუ გნებავთ ცივილურ ხასიათს ატარებდა და "გენოციდის საფრთხე" ევროპელ ერებს არ ემუქრებოდათ! ერთი, რომელიმე ევროპელი ფეოდალის (ჰერცოგი, გრაფი, მარკიზი, ბარონი თუ სხვა) გამარჯვების შემთხვევაში, მეორე, აღიარებდა დამარცხებას და ლამის "ნოტარიულურად უმტკიცებდა" თავისი საფეოდალოს მოსახლეობას, ტერიტორიებს და ციხე-სასახლეებს მთლიანად ან ნაწილობრივ, სადაც დამარცხებულის ნაცვლად გამარჯვებულის დროშებს და ღერბებს გამოჰფენდნენ (როგორც წესი, ამ ბრძოლებში რამოდენიმე ათეული მებრძოლი თუ იღუპებოდა, რადგანაც ისინი არ ატარებდნენ გამანადგურებელ ხასიათს)! ამიტომ, არანაირი ნასახლარ-ნასოფლარ-ნაციხარ-ნასაყდრალი ევროპაში არ არსებობდა (ამიტომაც, ევროპული ციხე-სასახლეები პირვანდელ სახისანი არიან, "გაპრანჭულები" და თითქმის "ხელშეუხებელნი") და ამ საბედისწერო ისტორიული სიმართლის გამომხატველი სიტყვები, ევროპელებს იმიტომაც არა აქვთ ლექსიკონში! სხვათაშორის, ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ ისე, როგორც "უშიშ(ნ)ი, ვითარცა უხორცო" (მხოლოდ, დავით აღმაშენებელი არ იყო ასეთი, თორემ აქამდე ვერ მოვაღწევდით!), თანაც, არც "სიცოცხლეზე შეყვარებული" ევროპელი რაინდების მსგავსად, 200 კილოგრამიანი (საბრძოლო ცხენიანად) რკინის ამუნიციას არ ატარებდნენ ქართველი მებრძოლები, ერთი ჯაჭვის პერანგის (7 დან 15 კილოგრამამდე იწონიდა) ამარად იყვნენ, ხშირად, ისიც არ ეცვათ!!! 

     P.S. მავანი იტყვის (ინტრიგანებს რა დალევს), რატომ რუსებს არ ახსენებს, მათთვის ქართული მიწის მიყიდვა შეიძლებაო?! არა, არც მათთვის და არც არავისთვის არ შეიძლება, მხოლოდ ქართველებისა და საქართველოს მოქალაქეებისათვის (ამიტომ, უკიდურესად უნდა გამკაცრდეს საქართველოს მოქალაქეობის და ბინადრობის უფლების მინიჭების კანონი!)! მე ჩემი გითხარით და ჩემნაირად "მცირე" კი არა, ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა ფიქრობს, უბრალოდ, ჯერ ჩუმად არიან, გაკვირდებიან, როგორ მოიქცევით... 
ისე ნუ იზამთ და არც დაგანებებთ, რომ ქართული მიწების გაყიდვის შედეგად და "ძლიერთა ამა სოფლისა" სიბრიყვის და სიხარბის გამო, საქართველოს, ანუ ქართველთა ქვეყანას, - "ნაქართველარი" ეწოდოს!!!
უფალო, შეგვიწყალენ..."

ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно