,,თუ ვინმეს უნდა პროვოკაცია, პროვოკაცია რა თქმა უნდა არ გავა" - კახეთის გუბერნატორი


     კახეთის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი გაერთიანებული ოპოზიციის პროტესტს ეხმაურება. ქადაგიშვილის თქმით, თელავის მერიამ აქციის გამართვის მიზნით თელავის ცენტრში ერეკლე მეორეს ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად გაერთიანებულ ოპოზიციას ალტერნატიული ლოკაცია შესთავაზა.

    კახეთის გუბერნატორის განცხადებით, აქცია სწორედ იმ ადგილას უნდა გაიმართოს, რომელზეც მერიამ ნებართვა გასცა. ქადაგიშვილი ამბობს, რომ თელაველები განაწყენდებიან, თუ ქალაქში რაიმე სახის პროვოკაცია მოხდება.

     „მერიამ გამოუყო აქციას ადგილი ნორმალური, ცენტრალური მოედანი აქციის ჩასატარებლად. ასე, რომ, ვისაც უნდა აქციის ჩატარება ამის საშუალება ექნება. თუ ვინმეს უნდა პროვოკაცია, პროვოკაცია, რა თქმა უნდა არ გავა და იმასაც აღვნიშნავ, რომ თელავის მოსახლეობა ძალიან დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამს თუ მოხდება პროვოცირება და ამ საზეიმო ცერემონიალის ჩაშლა," - ამბობს ქადაგიშვილი.

    დღეს, 13:00 საათზე გაერთიანებული ოპოზიცია თელავის ცენტრში მასშტაბურ აქციას გამართავს. კოლონები სხვადასხვა რეგიონებიდან თელავში უკვე მიემართებიან. აქციის მონაწილეები 12:00 საათისთვის ადგილზე იქნებიან. 

    თელავის მერიამ გაერთიანებულ ოპოზიციას ერეკლე მეორეს ძეგლთან აქციის გამართვის ნებართვა არ მისცა და ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზა. თუმცა, ოპოზიცია გეგმავს, რომ თელავის ცენტრში გამართოს აქცია.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/121247