,,გედევან ფოფხაძეს დავურეკე და ვუთხარი, რომ კომენტარი არ გაეკეთებინა" - მამუკა მდინარაძე


     მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ გედევან ფოფხაძეს დაურეკა და სთხოვა უზენაეს სასამართლოში წარსადგენ უვადო მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაეკეთებინა. 

     მდინარაძეს ახსნა განმარტების გაკეთება, გედევან ფოფხაძის დღევანდელი კომენტარის შემდეგ მოუწია. 

     ეკა ბესელიას მხარდამჭერმა და იურიდიული კომიტეტიდან მისივე თანაგუნდელების მიერ გაწვეულმა დეპუტატმა დღეს თქვა, რომ მას მოსამართლეთა სიის წარდგენის დღეს არჩილ თალაკვაძემ და მამუკა მდინარაძემდაურეკეს და კომენტარისგან თავის შეკავება სთხოვეს.

     მამუკა მდინარაძემ დღეს თხოვნის მიზეზი განმარტა. 

     „დიახ, ასეთი ფაქტი იყო და ძალიან ხშირად არის ხოლმე ასეთი ზარები ფრაქციის წევრებთან. მე დავალებებს არ ვაძლევ, მე ვუთანხმებ გუნდის წევრებს, რომ შეჯერებული პოზიცია გავახმოვანოთ ხოლმე მედიასთან, ჟურნალისტებთან, საზოგადოებასთან. ჩვენ წინასწარ ვერ გავთვლით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს რომელიმე დამოუკიდებელი ორგანო, წინასწარ ამასთან დაკავშირებით მესიჯების გაშვება ყოველთვის იწვევს დაბნეულობას, გაურკვევლობას. ეს იყო ამის მიზეზი. ეს არის ჩვეულებრივი მიმდინარე პროცესი. გუნდის შიგნით, მათ შორის სატელეფონო საშუალებით თანხმდება ხოლმე კონკრეტული პოზიციის გახმოვანების საკითხი. მე წინასწარ ნამდვილად არ ვიცოდი, ვის დაასახელებდნენ და აღმოჩნდა, რომ გედევან ფოფხაძემ თავად მითხრა, რომ იყო კონტაქტზე ანა დოლიძესთან და მისგან შევიტყვე იმ მოსამართლეების ვინაობის შესახებ, ვისაც ასახელებდა იუსტიციის საბჭო,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

     "ქართული ოცნების" ლიდერებს შორის ბოლო დაპირისპირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიას მოჰყვა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა და თქვა, რომ მიზეზი სწორედ უვადო მოსამართლეთა სიაში მყოფი კანდიდატები გახდნენ.

     ეკა ბესელიას განცხადებას არალოგიკური უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ. სწორედ ამის შემდეგ მმართველი გუნდი რამდენიმე ბანაკად გაიყო. ბესელიას მომხრეები,  მოწინააღმდეგეები და დეპუტატები, რომლებიც არც ერთ ჯგუფს არ მიეკუთვნებიან.

     ბესელიას გადადგომის შემდეგ კომიტეტის წევრებმა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ეკა ბესელიას გუნდის წევრი გედევან ფოფხაძე აირჩიეს, თუმცა ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებმა ბესელია რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულეს და გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ ფოფხაძე კომიტეტიდან საერთოდ გაიწვიეს.  
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/122589