კობახიძე ადასტურებს, რომ აგვისტოში კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან ეკა ბესელიას წასვლა იგეგმებოდა


     პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან ეკა ბესელის წასვლასთან დაკავშირებით ისაუბრა. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება გაცილებით ადრე იყო მიღებული. კობახიძე ადასტურებს, რომ აგვისტოში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ეკა ბესელიას წასვლა და მისი ვიცესპიკერად გადაყვანა იგეგმებოდა. 

     მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ გასცა ბრძანება, რომ ვიცესპიკერების ფლიგელში აგვისტოში ეკა ბესელიასთვის ოთახი მოწყობილიყო.

     კობახიძის თქმით, თანამდებობრივი გადაადგილებები სასამართლოს თემას არ უკავშირდება.

     „არანაირ კავშირში არც ახლა, არც მაშინ არ იყო თანამდებობრივი გადაადგილება სასამართლოს თემასთან. იყო სულ სხვა სირთულეები, გახსოვთ, რა სირთულეებიც იყო გუნდში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

     ქართული ოცნების ლიდერებს შორის ბოლო დაპირისპირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიას მოჰყვა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა და თქვა, რომ მიზეზი სწორედ უვადო მოსამართლეთა სიაში მყოფი კანდიდატები გახდნენ.

     ეკა ბესელიას განცხადებას არალოგიკური უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ. სწორედ ამის შემდეგ მმართველი გუნდი რამდენიმე ბანაკად გაიყო. ბესელიას მომხრეები,  მოწინააღმდეგეები და დეპუტატები, რომლებიც არც ერთ ჯგუფს არ მიეკუთვნებიან.

     ბესელიას გადადგომის შემდეგ კომიტეტის წევრებმა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ეკა ბესელიას გუნდის წევრი გედევან ფოფხაძე აირჩიეს, თუმცა ფრაქცია ქართული ოცნების წევრებმა ბესელია რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულეს და გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ ფოფხაძე კომიტეტიდან საერთოდ გაიწვიეს.  
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/122659