პრეზიდენტმა კონფლიქტის ზონასთან მდებარე რუხის საგუშაგოზე შსს-ს თანამშრომლები მოინახულა


     საქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდის რაიონში, კონფლიქტის ზონასთან მდებარე რუხის საგუშაგოზე, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პოლიციელები მოინახულა.

     ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა შსს-ს წარმომადგენლებს, რომლებიც რუხის საგუშაგოზე უსაფრთხოებასა და დანაშაულის პრევენციას უზრუნველყოფენ, შობა-ახალი წელი მიულოცა და მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისათვის. 

     სალომე ზურაბიშვილი ენგურის ხიდზე მოსახლეობას კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების შესახებ გაესაუბრა.

     "მე აქ ვიმყოფები მეორედ. პირველად ჩამოვედი, როგორც ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი. მას შემდეგ 15 წელზე მეტი გავიდა და ისევ აქ ვდგავართ. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა. ვდგავართ იმ ხიდზე, რომელიც ყოფს ჩვენს მოსახლეობას. ორივე მხარეს ჩვენი მოქალაქეები არიან და ამიტომ მე მინდა, დღეს ახალი წელი და დამდეგი შობა მივულოცო მათ, ვინც ცხოვრობს გალში და ასევე, ჩვენს აფხაზ ძმებს და დებს და ვისურვო, რომ ეს გამყოფი ხიდი, ძალიან ახლო მომავალში, მართლაც გახდეს გამაერთიანებელი ხიდი," - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. 
 
 
 
 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно