პენტაგონი კოსმოსში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებაზე მუშაობას იწყებს


     პენტაგონი კოსმოსში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებაზე მუშაობას იწყებს. ამის შესახებ საუბარია თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოქტრინაში, რომელიც რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვით სფეროში აშშ-ის მომავალ პოლიტიკას განსაზღვრავს.

     პენტაგონი აპირებს, შეისწავლოს, რა თანხებთან იქნება დაკავშირებული კოსმოსში ისეთი ტიპის თანამგზავრების განთავსება, რომელსაც გაშვების სტადიაში არსებული რაკეტების განადგურება და ზებგერითი რაკეტების აღმოჩენა შეეძლება.

     აშშ ასევე გეგმავს, შეიმუშავოს რაკეტების გადაჭერის ახალი სისტემები. ანგარიშში აღნიშნულია, რომ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები უნდა იყოს როგორც თავდაცვითი, ასევე მოიერიშე შესაძლებლობით აღჭურვილი, რათა შეძლოს, შეაკავოს საფრთხე ნებისმიერ ფაზაში.

     პენტაგონის ახალ სტრატეგიაში F-35 ტიპის თვითმფრინავების მოდერნიზაციაც არის გათვალისწინებული, რათა მომავალში საწყის სტადიაში არსებული ბალისტიკური რაკეტების გადაჭერა შესაძლებელი გახდეს.

     აშშ ასევე გეგმავს, ალიასკაზე იჯისის ტიპის დამატებით 20 ახალი სისტემა განათავსოს. ამ დროისთვის უკიდურეს ჩრდილოეთ შტატში 44 ასეთი სისტემაა მოწყობილი. გაფართოება 2023 წლიდან დაიწყება. ასევე გაუმჯობესდება რაკეტების აღმოსაჩენი საშუალებებიც.

     „რუსეთი და ჩინეთი მოწინავე ფრთოსან რაკეტებსა და ზებგერით რაკეტებზე მუშაობენ, რომელთაც საშუალება ექნება მიაღწიონ დიდ სიჩქარეს და იფრინონ არაპროგნოზირებადი ტრაექტორიებით, რაც არსებული თავდაცვითი სისტემებისთვის გამოწვევაა" – აღნიშნულია დოკუმენტში, სადაც ასევე ნათქვამია, რომ რუსეთი და ჩინეთი მუშაობენ თანამგზავრების საწინააღმდეგო ტექნოლოგიებზე, რაც ასევე საფრთხეს უქმნის აშშ-ის კოსმოსურ რესურსებს.

     პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონს სურს, შექმნას ისეთი რაკეტსაწინააღმდეგო პროგრამა, რომელსაც ქვეყნის თითოეული ქალაქის დაცვა შეეძლება. აშშ-ის საშუალებას მისცემს აღმოაჩინოს და გაანადგუროს რაკეტები ყველგან, ნებისმიერ დროსა და ადგილას.

      დონალდ ტრამპის თქმით, საკმარისი არ არის ფეხდაფეხ მიყვნენ მოწინააღმდეგეს, საჭიროა მათი გადასწრება. ახალი დოქტრინის მიზანია, არამხოლოდ დაიცვას აშშ-ის შიდა ტერიტორია, არამედ დაიცვას აშშ-ის შეიარაღებული ძალები მის საზღვრებს გარეთაც.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/pentagoni-kosmosshi-raketsawinaaghmdego-sistemebis-gantavsebaze-mushaobas-iwyebs/