„ყველაზე მეტი შეურაცხყოფა მართლმადიდებლური ეკლესიის მისამართით ხდება"– მამა ანდრია


     საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, რელიგიური ჯგუფებიდან ყველაზე მეტი შეურაცხყოფის გამოხატვა მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ ხდება.

     დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დღეს იმ სამუშაო ჯგუფის პირველ სხდომას დაესწრო, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში შეიქმნა და რელიგიურ თემატიკაზე იმუშავებს.

     ჯაღმაიძის თქმით, მართლმადიდებლური ეკლესია სამუშაო ჯგუფში ჩაერთვება და ხელს შეუწყობს, რომ კონსენსუსი მეტ საკითხთან დაკავშირებით არსებობდეს.

     „რომ შეიძლებოდეს გაზომვა, ყველაზე მეტი შეურაცხყოფა რომელი რელიგიური ჯგუფის მიმართ გამოიხატება, ალბათ, ეს მართლმადიდებლური ეკლესია იქნება. მიზეზს ვერ გეტყვით. ალბათ, ერთი მიზეზი არ არსებობს. ყველაზე მეტი შეურაცხყოფის, ცილისწამებისა და არამართებული ინფორმაციის მოსმენა ჩვენი მისამართით გვიწევს", – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно