ჩრდილოეთ მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანებაზე პროტოკოლს ხელი მოეწერა


     ნატო-ს შტაბ-ბინაში ჩრდილოეთ მაკედონიის ალიანსში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის ხელმოწერის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოლა დიმიტროვი ესწრებოდა.

     „ეს არის ისტორიული მოვლენა. პრემიერ-მინისტრებმა, ციპრასმა და ზაევმა აჩვენეს სტრატეგიული აზროვნება და დიდი სიმამაცე, როდესაც პრესპანის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ეს გზა სავსე იყო გამოწვევებითა და რთული კომპრომისებით, თუმცა, დემოკრატიული ღირებულებებისა და რეფორმებისადმი ერთგულებამ პროცესს ხელი შეუწყო", – განაცხადა ხელმოწერის ცერემონიისას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა,

     ახლა ნატო-ში ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება ალიანსის თითოეულმა წევრმა უნდა მოახდინოს.

     „ვიმედოვნებ, რომ ეს პროცესი დაუბრკოლებლად ჩაივლის და ჩვენ ყველა მალე მოგესალმებით, როგორც სრულფასოვან წევრს", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

      ალიანსის გენერალური მდივნის განმარტებით, დღეიდან ჩრდილოეთ მაკედონია ნატო-ს სხდომებში მონაწილეობას მიიღებს როგორც მოწვეული მხარე.

     „დღევანდელი ისტორიული მოვლენა აჩვენებს, რომ ნატო-ს კარი ღიაა დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის, რომლებიც მზად არიან და სურთ შეასრულონ ვაშინგტონის შეთანხმების მიზნები", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

     ჩრდილოეთ მაკედონია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 30-ე წევრი გახდება. ნატო-ში მისი გაწევრიანება საბერძნეთთან, სახელწოდებასთან დაკავშირებული დავის დარეგულირების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

     ათენსა და სკოპიეს შორის მიღწეული შეთანხმებით, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიას ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ეწოდა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/chrdiloet-makedoniis-nato-shi-gawevrianebaze-protokols-kheli-moewera/