,,აშშ-ის სენატის დოკუმენტი საქართველოს მიმართ მხარდაჭერის მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს"– კონსტანტინიდი


     აშშ-ის სენატში წარდგენილი კანონპროექტი საქართველოს მიმართ მხარდაჭერის მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.

     მისი თქმით, დოკუმენტით გათვალისწინებულია რუსეთის მიმართ უკვე არსებულ სანქციებზე უფრო მკაცრი სანქციების დაწესება.

     „დოკუმენტი ასევე შეიცავს სხვა დებულებებსაც, როგორიც არის ამერიკის მხრიდან ნატო-ს უპირობო მხარდაჭერა, სპეციალური კიბერუსაფრთხოების ოფისის შექმნა სახელმწიფო დეპარტამენტში, რუსეთის წინააღმდეგ შექმნილი ფონდის ხელახალი ავტორიზაცია, რომელიც ჰიბრიდულ საფრთხეებს გაუმკლავდება და რიგ აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს რუსეთის აგრესიასთან გამკლავებაში დაეხმარება. დოკუმენტი შეიცავს საქართველოს მიმართ მხარდაჭერის მნიშვნელოვან გზავნილებს", – განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

     კონსტანტინიდის თქმით, დოკუმენტი ჯერჯერობით მხოლოდ კანონპროექტია.

     „მას შემდეგ, რაც კანონპროექტს საგარეო კომიტეტსა და წარმომადგენელთა საბჭოში განიხილავენ, წარედგინება აშშ-ის პრეზიდენტს, რომლის ხელმოწერის შემდეგაც კანონის ხასიათს მიიღებს,” – განაცხადა კონსტანტინიდმა.

     საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის სენატს რუსეთის წინააღმდეგ ახალი, აქამდე არსებულ სანქციებზე კიდევ უფრო ძლიერი სანქციების დაწესების თაობაზე კანონპროექტი წარედგინა. დოკუმენტში სენატორები აშშ-ის პრეზიდენტს მიმართავენ, საჯაროდ მოსთხოვოს რუსეთს, შეწყვიტოს ოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სეპარატისტების მხარდაჭერა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/vladimer-konstantinidi-ashsh-is-senatis-dokumenti-saqartvelos-mimart-mkhardacheris-mnishvnelovan-gzavnilebs-sheicavs/