,,თქვენ თავშესაფარს ვეღარ იპოვით, დაკარგავთ ყველაფერს"- ტრამპი


     ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნიკოლას მადუროს მხარდამჭერი ვენესუელელი სამხედროები გააფრთხილა, რომ ისინი საკუთარ მომავალსა და სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა მაიამიში ვენესუელელი და კუბელი ემიგრანტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

     „ჩვენ გვინდა ვენესუელის დემოკრატიის აღდგენა და გვჯერა, რომ ვენესუელელი სამხედროებს და მათ ხელმძღვანელებს ამ პროცესში გადამწყვეტი როლი აქვთ. თუ თქვენ ამ გზას აირჩევთ, გაქვთ შესაძლებლობა, ვენესუელის ხალხისთვის უსაფრთხო და უზრუნველყოფილი მომავლის შექმნაში წვლილი შეიტანოთ. ან თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ მეორე გზა, რაც მადუროს მხარდაჭერის გაგრძელებას გულისხმობს. თუ ამ გზას აირჩევთ, თქვენ თავშესაფარს ვეღარ იპოვით, მარტივ გამოსავალს ვეღარ ნახავთ. თქვენ დაკარგავთ ყველაფერს. ამგვარად, დღეს მოვუწოდებ მადუროს რეჟიმის თითოეულ წევრს: დაასრულეთ სიღარიბის, შიმშილისა და სიკვდილის ეს ღამის კოშმარი. გაათავისუფლეთ თქვენი ქვეყანა", – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

     როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ვაშინგტონი ვენესუელაში ხელისუფლების გადაბარების მშვიდობიან გზას ეძებს, თუმცა მოქმედების ყველა ვარიანტს განიხილავს.

     დონალდ ტრამპმა ვენესუელის შეიარაღებულ ძალებს მოუწოდა, დათანხმდნენ ხუან გუაიდოს შეთავაზებას ამნისტიის შესახებ. მან ასევე სამხედროებს ვენესუელაში ჰუმანიტარული ტვირთის შეშვება მოსთხოვა.

     „თქვენ შეგიძლიათ, მიიღოთ პრეზიდენტ გუაიდოს გულუხვი შეთავაზება ამნისტიის შესახებ, რაც თქვენ მოგცემთ საშუალებას, ოჯახებთან ერთად, მშვიდად იცხოვროთ თქვენი თანამემამულეების გვერდით. პრეზიდენტი გუაიდო არ ისწრაფვის თქვენს წინააღმდეგ შურისძიებისკენ, არც ჩვენ. თუმცა, თქვენ არ უნდა შეასრულოთ მადუროს ბრძანებები ჰუმანიტარული დახმარების ბლოკირების შესახებ და არ უნდა მიმართოთ ძალადობის არანაირ ფორმას მშვიდობიანი დემონსტრანტების, ოპოზიციის ლიდერების, ეროვნული ასამბლეის წევრების ან პრეზიდენტ გუაიდოსა და მისი ოჯახის წინააღმდეგ", – აღნიშნა ტრამპმა.

     შეგახსენებთ, საკვებით, მედიკამენტებითა და პირველადი საჭიროების ნივთებით სავსე სატვირთო მანქანები კოლუმბიისა და ვენესუელის საზღვარზეა გაჩერებული.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/donald-trampma-nikolas-maduros-mkhardamcheri-venesueleli-samkhedroebi-gaafrtkhila-rom-sakutar-momavalsa-da-sicockhles-riskis-qvesh-ayeneben/