,,ვიღაცამ ამისთვის ისტორია შექმნა, რომ პრემია აიღოს მერე" - სანაკოევი ტატუნაშვილზე


     არჩილ ტატუნაშვილის ცხინვალის ციხეში გარდაცვალების ფაქტზე, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა ,,რუსთავი 2"–თან ისაუბრა. 
 
     სანაკოევი ამბობს, რომ არანაირ უბედურ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია და ოკუპანტებმა ტატუნაშვილი მოკლეს.

     სანაკოევის განცხადებით, სავარაუდოდ, ოკუპანტებმა გაიგეს, რომ ტატუნაშვილი ქართულ არმიაში მსახურობდა და სწორედ ამიტომ მოხდა მისი დაკავება. სანაკოევი არ გამორიცხავს, რომ ოკუპანტები მისგან გარკვეული ინფორმაციის მიღებასაც ითხოვდნენ.

     მისივე თქმით, ტატუნაშვილი ბოლო 5 წლის მანძილზე დაუბრკოლებლად გადაადგილდებოდა ახალგორის ტერიტორიაზე და როგორც ახალგორელს ამისთვის სპეციალური საშვიც ჰქონდა.

     ,,ის კაცი იქ ცხოვრობდა. რაღა დღეს დააკავეს. ხუთი წელი შედიოდა და გამოდიოდა. ახლა რომ დააკავეს ალბათ გაიგეს, რომ მსახურობდა საქართველოს ჯარში ამის გამო დააკავეს და ამისთვის ვერსია გამოიგონეს, რომ ვითომ ის ოსების მიმართ ომობდა. შეიძლება ისიც დაწერონ, რომ ემზადებოდა ტერორისტული აქტისთვის. ვიღაცამ ამისთვის ისტორია შექმნა, რომ პრემია აიღოს მერე.

     ჩვენ შეგვიძლია მოვთხოვოთ იმ ე.წ. მთავრობას, რომ დააკავონ ისინი ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო,"-აცხადებს სანაკოევი.

     შეგახსენებთ, გასულ ღამეს ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოში საქართველოს მოქალაქე 1983 წელს დაბადებული არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა. დე ფაქტო უწყების ცნობით ტატუნაშვილი ერთი დღით ადრე ახალგორში დააკავეს, ტატუნაშვილს დე ფაქტო საგამოძიებო უწყებამ „გენოციდის" ბრალდება წაუყენა. საოკუპაციო რეჟიმის მედიის განცხადებით ტატუნაშვილი დაკითხვაზე ცხინვალში გადაიყვანეს, სადაც მას აჩვენეს მასალები, რომელიც მის 2008 წლის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას ამტკიცებდა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно