საგარეო უწყება ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს


     საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2018 წლის 22 თებერვალს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ცხინვალში გარდაცვალების გამო, და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს.

     საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საოკუპაციო რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას და ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, საქართველოს კიდევ 2 მოქალაქის ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაკავებას.

     საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, მოხდეს შესაბამისი დროული რეაგირება, რათა დაუყოვნებლივ დადგინდეს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გარემოებები, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებული პირები და შესაბამისი რეაგირება მიეცეს ამ უმძიმეს ფაქტს, რაზეც პირდაპირ პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაცია, როგორც ადგილზე კონტროლის განმახორციელებელი ძალა.

     მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, რომელთაც მსხვერპლად ეწირებიან საქართველოს მოქალაქეები, ცხადყოფს ადგილზე ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის სასწრაფო აუცილებლობას.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно