ჩეხეთმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა


     ჩეხეთის რესპუბლიკამ საქართველო უსაფრთხო კატეგორიის ქვეყნების სიაში შეიყვანა. გადაწყვეტილება ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

     „ჩეხეთის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ დადებით გარემოს, პოლიტიკურ სტაბილურობას და ეკონომიკურ განვითარებას, რაც აღიარებულია ჩვენი პარტნიორების მიერ. ჩეხეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შედეგად საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განსახილველად გამოყენებული იქნება დაჩქარებული პროცედურა, რაც განაცხადის განხილვის ვადას საგრძნობლად შეამცირებს. ჩეხეთის რესპუბლიკის გადაწყვეტილება უკვე ძალაშია",- ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

     ჩეხეთის რესპუბლიკა ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მე-12 ქვეყანაა, იმ სახელმწიფოებიდან (ბულგარეთი, საფრანგეთი, ლიხტენშტაინი, ავსტრია, ბელგია, ნიდერლანდები, ისლანდია ლუქსემბურგი, ირლანდია, ესტონეთი, დანია), რომელთაც აღნიშნული კლასიფიკაცია გააჩნია და საქართველოსთან მიმართებაში შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно