ეკა ბესელიასა და ზვიად კვაჭანტირაძეს ევროსაბჭოში მივლინების ხარჯებს პარლამენტი აღარ აუნაზღაურებს


     ეკა ბესელიასა და ზვიად კვაჭანტირაძეს ევროსაბჭოში მივლინების ხარჯებს პარლამენტი აღარ აუნაზღაურებს. მათ სამუშაო ვიზიტების დაფინანსება საკუთარი ჯიბიდან მოუწევთ. მმართველი გუნდი ამის მიზეზად სესიაზე ფორსირებულად მიღებულ დადგენილებას ასახელებს.

     „ქართული ოცნებიდან" წასული ზვიად კვაჭანტირაძე და ეკა ბესელია ევროსაბჭოს ყველაზე დიდი პოლიტიკური ტრიბუნის გამოყენებას მხოლოდ მომავალი წლის პირველ იანვრამდე შეძლებენ. ეკა ბესელია ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას სულმდაბლობას უწოდებს და ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ისინი პირადი წყენის გამო დასაჯა.

     „სულმდაბალი ქცევაა ეს, როცა გგონია, რომ ამით სჯი ადამიანებს და რეალურად ქვეყანას აყენებ ზიანს. ვწუხვარ იმის გამოც, რომ ადამიანებს ვუყურებ თანამდებობისა და მდგომარეობის გამო როგორ უარს ამბობენ სამართლიან პოზიციაზე,"-აცხადებს ბესელია.

     ზვიად კვაჭანტირაძე კი ამბობს,რომ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას მეტი არაფერი ჰქვია, თუ არა ჯიბრში დგომა.

     კვაჭანტირაძე ხუმრობით ეკიდება იმ ფაქტს,რომ მისი ადგილმონაცვლე ამ დელეგაციაში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე გახდა.

     „თალაკვაძე ყველგან ჩემი ადგილმონაცვლე გახდა, არ ვიცი, ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ რეალურად ასე გამოდის, ოზურგეთის მაჟორიტარიც თვითონ არის, უმრავლესობის ლიდერიც თვითონ არის, ახლა კიდევ ევროსაბჭოს დელეგაციაშიც მე ჩამანაცვლებს იანვრიდან ალბათ,"-ამბობს კვაჭანტირაძე.

      არჩილ თალაკვაძე კი ამბობს,რომ  პირად შურისძიებას ადგილი არ აქვს და დელეგაციაში უმრავლესობის ყოფილი წევრების ჩანაცვლება სენსაცია არ არის.

     მისი თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციაში ბესელიასა და კვაჭანტირაძის ადგილს უმრავლესობის წევრები დაიკავებენ, რადგან ეს ადგილები რომელსაც ბესელია და კვაჭანტირაძე იკავებენ, მმართველი პარტიის კვოტას წარმოადგენს.

     "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ არ შეიძლება პირადი წყენის გამო ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს მმართველმა პარტიამ. გიგა ბოკერიას თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის შესახებ წესები ირღვევა და პარლამენტი უარყოფითად წარმოჩინდება, რადგან ასეთ საკითხებზე უნდა იყოს "წივილ-კივილი."
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно