რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრა გაფრთხილება იყო რომელიც აშშ-მა სრულად ვერ აღიქვა – დანიელ ფრიდი


     1-ელ მაისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენა გაიმართა, თემაზე: "Countering a Resurgent Russia”. მოსმენის მონაწილეებმა დაგმეს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესია და ხაზი გაესვა მის საპასუხოდ კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

     მათ ხაზი გაუსვეს რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე საპასუხოდ კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობასა და ისაუბრეს მათი განხორციელების გზებზე.

     კერძოდ, მოსმენისას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ელიოტ ენგელის (დემოკრატი-ნიუ იორკი) განმარტებით, "რუსეთის მიერ საკუთარ საზღვრებთან განხორციელებული, საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციამ შეარყია მშვიდობისა და სტაბილურობის მშენებლობის მიმართულებით ათწლეულების განმავლობაში გაწეული სამუშაო”.

     "რუსეთის ამჟამინდელმა გაძლიერებამ, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების, აშშ-სა და ევროპის წინააღმდეგ არჩევნებში ჩარევისა და დეზინფორმაციის გზით, რუსეთის შიგნით და გარეთ მისი ოპონენტების წინააღმდეგ, მათ შორის მკვლელობებისა და მკვლელობების მცდელობების გზით, აგრესიის ფორმა მიიღო”, - აღინიშნა დანიელ ფრიდის წერილობით სიტყვაში.

      მისი განმარტებით, "როგორც დავინახეთ რუსეთის თაობაზე აშშ-ის იმედიანი ვარაუდი მცდარი აღმოჩნდა. რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში მისი მეზობლის, საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრა იყო გაფრთხილება, რომელიც აშშ-მა სრულად ვერ აღიქვა. რუსეთის მიერ მხოლოდ, 2014 წელს უკრაინაში შეჭრის, მათ შორის უკრაინის ყირიმის ანექსირების შემდეგ მოხდა აშშ-სა და ნატო-ს მიერ უსაფრთხოების მოდალობების გადახედვა.”

     "რუსეთი ცდილობს ხელი შეუშალოს მისი მეზობლების - საქართველოსა და უკრაინის თანამედროვე წარმატებულ დემოკრატიებად ჩამოყალიბებასა და მათ ევროპასთან დაახლოებას. ისინი ქმნიან კონფლიქტებს, სასაზღვრო პრობლემებს, იტაცებენ ტერიტორიებს”,- აღნიშნა ფრიდმა. მისი რჩევით, საჭიროა ამ ქვეყნების რეფორმატორთა დახმარება, რაშიც აშშ-ს კარგი გამოცდილება გააჩნია ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ გერმანელების, შემდეგ პოლონელების, ბალტიის ქვეყნებისა და რუმინელების წარმატებული დახმარების მაგალითების სახით.

     კონგრესმენ ანნ ვაგნერის (რესპუბლიკელი-მისურის შტატი) განცხადებით, "დღეს რუსეთმა ძირი გამოუთხარა მშვიდობასა და თავისუფლებას, რაც ვიხილეთ მის მიერ განხორციელებულ ქმედებებში სირიაში, საქართველოსა და უკრაინაში, ასევე ჩვენს [აშშ-ს] საკუთარ არჩევნებში ჩარევის სახით, და ახლა კი უკვე ვენესუელაში მიმდინარე პროცესების სახით.”
  
     "საქართველოში რუსეთი იყენებს სტრატეგიას, რომელსაც ვუწოდებ "მცოცავ ანექსიას” რათა ჩუმად მიიტაცოს საქართველოს მეტი და მეტი სუვერენული ტერიტორია. დღეს რუსეთმა შეძლო საქართველოს, საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის დაახლოებით 20%-ის სადავო ტერიტორიად გადაქცევა”,- აღნიშნა კონგრესმენმა ვაგნერმა.

     მანვაგნერმა ხაზი გაუსვარუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ, ქ-ნი ვაგნერის მოსაზრებით, ნატო-ს ევროკავშირისა და აშშ-ის კოლექტიური ქმედებების განხორციელების საჭიროებას. ის დაინტერესდა, თუ რა უნდა გააკეთოს აშშ-მა, რომ პასუხი გასცეს რუსეთის მიერ საქართველოსადმი აგრესიას. გენერალი კაინის განმარტებით, აშშ-მა "გადადგა ზოგიერთი ნაბიჯი საქართველოს დასახმარებლად. გასულ წელს აშშ-მა საქართველოს სამხედრო ძალებს გადასცა ტანკსაწინააღმდეგო იარაღი. აშშ-მა ქართველებთან ერთად, რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრიდან 10 წლისთავზე გამართა უმნიშვნელოვანესი სამხედრო წვრთნები.”

     გენერალი კაინის რჩევით, საჭიროა, რომ "აშშ-მა წაახალისოს ევროპელი მოკავშირეები, რომ აშშ-ის მსგავსად იყვნენ ჩართულნი საქართველოსთან მიმართებით”.

     გენერალი კაინის სიტყვებით, აშშ-ს გააჩნია მნიშვნელოვანი პოლიტიკური გავლენა, ეკონომიკური და სამხედრო სიძლიერე, რომ წინ აღუდგეს რუსეთის აგრესიას.

      კონგრესმენმა ტრონმა (დემოკრატი-მერილენდის შტატი) ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი მისი საზღვრების გასწვრივ - მათ შორის საქართველოში კონფლიქტებს თესავს, რათა დაბლოკოს ამ ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანება. იგი დაინტერესდა, თუ რა უნდა გააკეთოს ნატომ რომ პასუხი გასცეს რუსეთის აგრესიას. კონგრესმენის კითხვის პასუხად ხაზი გაესვა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის გაძლიერების საჭიროებას.

     მოსმენაზე მიწვეულნი იყვნენ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე და ნატო-ში აშშ-ის ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი, ბრუკინგის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ვიქტორია ნულანდი; ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, პოლონეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ატლანტიკური საბჭოს წამყვანი მკვლევარი, დანიელ ფრიდი; და ომის შესწავლის ინსტიტუტის თავმჯდომარე, აშშ-ის არმიის შტაბის ყოფილი მოქმედი უფროსი, გენერალი ჯეკ კაინი. a
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/104446/daniel-pridi-rusetis-mier-saqartveloshi-shechra-gaprtkhileba-iko-romelits-ashshma-srulad-ver-agiqva