"ვერცერთ შეკითხვაზე მკაფიო პასუხი ვერ მივიღეთ"– ერგნეთის შეხვედრა ქართულმა მხარემ დატოვა


     ქართულმა მხარემ პროტესტის ნიშნად ერგნეთის შეხვედრა დატოვა. ერგნეთში შეხვედრა, სადაც ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხზე თითქმის 4 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ, სავარაუდოდ, უშედეგოდ დასრულდა.

     სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის განცხადებით ქართულმა მხარემ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო მთავრობის წარმომადგენლებისგან კონკრეტული პასუხები ვერ მიიღო განსახილველ მთავარ საკითხზე - როდის გადასცემს საოკუპაციო რეჟიმი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს მის ოჯახს და როდის დააბრუნებენ ორ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს. 

     „ძალიან რთული სხდომა იყო, დღევანდელ შეხვედრაზე ორი ძირითადი შეკითხვა დაისვა ჩვენი მხრიდან, ცხადია, ტატუნაშვილის საქმის განხილვის კონტექსტში, პირველი, ეს იყო, როდის მოახერხებს ცხედრის მიღებას, ხოლო მეორე, როდის შეეძლება ახალგორში საქართველოს ორ მოქალაქეს დატოვოს ოკუპირებული ახალგორის ტერიტორია. ფაქტობრივად, სამ საათნახევრიანი დისკუსიის შემდეგ ჩვენ ვერცერთ შეკითხვაზე მკაფიო პასუხი ვერ მივიღეთ. ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, დროებით, შევწყვიტოთ ეს სხდომა გამომდინარე იქიდან, რომ ცენტრალური მთავრობისთვის, ტატუნაშვილის საქმე, ის ინცინდენტი, რომელსაც ადგილი ჰქონდა 24 თებერვალს, აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა," - განაცხადა ქემოკლიძემ. 

     სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის განცხადებით, ე.წ.ს სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ცხედარი ცხინვალში არის, ხოლო მასალები რუსეთის საექსპერტო ბიუროშია გადატანილი. ხოლო ცხედრის გადმოსვენება ექსპერტიზის პასუხის მიღების შემდეგ მოხდება.

     კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, მსგავს ფორმატში შეხვედრა მას შემდეგ გაგრძელდება, რაც ქართული მხარის ორი მოთხოვნა დაკმაყოფილდება.
   
     "ჩვენთვის მოცემულ მომენტში უპირველესი პრიორიტეტი არის ტატუნაშვილის საქმე, პავლიაშვილის და ქუტაშვილის საქმე. ამ საქმეში არსებობს ორი ძირითადი პასუხგაუცემელი კითხვა, როდის მოხდება ცხედრის გადაცემა ოჯახისთვის და როდის მოხდება საქართველოს ორი მოქალაქის გამოშვება ოკუპირებული ტერიტორიიდან. ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიიდან. ამ კითხვებზე მკაფიო პასუხი სანამ არ იქნება, ჩვენ სხვა საკითხებზე, არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ბორდერიზაციის საკითხი, ასევე ნებისმიერი სხვა თემა, ჩვენ არ შეგვიძლია აქტიური ინტერვენცია,"-განაცხადა ქემოკლიძემ. 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно