რას ნიშნავს ნულოვანი ბარიერი და ხმათა რამდენი პროცენტი იქნება საჭირო პარლამენტში მოსახვედრად?


     კონსტიტუციონალისტის, ყოფილი დეპუტატის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, „ქართული ოცნების" მიერ შემოთავაზებული წინადადება ჯერ კიდევ არ იძლევა ნათელ სურათს, საქართველოში როგორი საპარლამენტო არჩევნები იქნება, რადგან არაერთი დეტალია დასაზუსტებელი.

     საქართველოს პირველ არხთან საუბარში ვახტანგ ხმალაძე ნულოვანი ბარიერის პირობებში პროპორციული საარჩევნო სისტემის დეტალებზე საუბრობს და განმარტავს, რომ თუ არჩევნებში მონაწილეობას ორი მილიონი მოქალაქე მიიღებს, ერთი მანდატი იმ პარტიას ერგება, რომელსაც ხმას 14 ათასამდე მოქალაქე მისცემს.

     „ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში ნათქვამია, რომ ზღურბლი არ იქნება, ანუ, იქნება ნულპროცენტიანი ზღურბლი. ეს იმას ნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც დავითვლით, რომელმა პარტიამ რამდენი ხმა მიიღო, 150 მანდატი მათ შორის გადანაწილდება პროპორციულად. მათ შორის ვინ ხვდება? – ვისაც შეიძლება მანდატი ერგოს. ვინაიდან, 150 მანდატია გასანაწილებელი, ერთი მანდატის მისაღებად საჭიროა ხმების დაახლოებით – 0,7 პროცენტის მიღება, ოდნავ ნაკლები. ეს იმას ნიშნავს, რომ მანდატი ყველა იმ პარტიას შეხვდება, ვინც ამდენ ხმას მიიღებს. მაგალითად, თუ არჩევნებში მონაწილეობა ორმა მილიონმა მოქალაქემ მიიღო, პარტია, რომელიც 14 ათასამდე ხმას მიიღებს, მას ერთი მანდატი შეხვდება. ვინც ორჯერ მეტ ხმას მიიღებს, ორი მანდატი შეხვდება. ნულპროცენტიანი ზღურბლი ამას ჰქვია”, – აღნიშნავს ხმალაძე.

     კითხვაზე, ნულპროცენტიანი ბარიერის პირობებში შესაძლებელია თუ არა საარჩევნო ბლოკებად გაერთიანება, ხმალაძე პასუხობს, რომ არაერთი დეტალია დასაზუსტებელი, მათ შორის ბლოკების საკითხი.

     „ბლოკებად გაერთიანებაზე არაფერი თქმულა, მხოლოდ ის ითქვა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადავდივართ და ნულპროცენტიანი ზღურბლი იქნება. რაც დღეს კონსტიტუციაში წერია, ამით ბლოკებად შექმნა შეუძლებელია. რაც გარდამავალ დებულებაში წერია, ბლოკებად გაერთიანება შესაძლებელია ერთჯერადად, ოღონდ შერეული სისტემის პირობებში. ანუ, მაშინ, როცა მაჟორიტარული არჩევნები რჩება და ზღურბლი არის – სამი პროცენტი. შემოთავაზებული წინადადება ჯერ კიდევ არ იძლევა ნათელ სურათს, როგორი არჩევნები გვექნება, რადგან არაერთი დეტალია, რომელიც იქნება დასაზუსტებელი. მათ შორის ერთ-ერთი საკითხია, ბლოკების საკითხი. ასევე ეს ცვლილებები შეეხება მხოლოდ 2020 საპარლამენტო არჩევნებს, თუ რაიმე ცვლილება ძირითად დებულებაში მოხდება, სადაც ხუთ პროცენტიანი ზღურბლი წერია. ასევე მნიშვნელოვანია ის, თავად ნულ პროცენტიანი ზღურბლი რამდენად არის სწორი”, – განაცხადა ხმალაძემ.

     „ქართული ოცნება" გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1tv