რუსეთი ცდილობს, მოგუდოს საქართველო, რომ შემდეგ იოლად გააკონტროლოს - მაიკლ კარპენტერი


     რუსეთი ცდილობს, მოგუდოს საქართველო, რომ შემდეგ იოლად გააკონტროლოს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში პენ ბაიდენის სახელობის დემოკრატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრის დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა განაცხადა.

     „ვაშინგტონმა და ბრიუსელმაც ახლა მაქსიმალურად უნდა გააძლიერონ საქართველოს მხარდაჭერა. პირადად მე, დიდი ხნის განმავლობაში ვითხოვდი, რომ აშშ-ს აეღო საკუთარ თავზე ლიდერობა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერაში. მაგრამ ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი თბილისის გვერდით დგომა და ეკონომიკური მხარდაჭერაა. მე მხარს ვუჭერ აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას. ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი რეგიონში ინვესტორებისთვის. ასევე ვფიქრობ, რომ ეკონომიკური დახმარება საქართველოს ევროკავშირმაც უნდა აღმოუჩინოს, რადგან თუ უფრო ფართო სურათს შევხედავთ დავინახავთ, რომ რუსეთი ცდილობს, მოგუდოს საქართველო, რომ შემდეგ იოლად გააკონტროლოს. ახლა დასავლეთის საქმეა, ალტერნატივა უზრუნველყოს", – განაცხადა კარპენტერმა.

     კარპენტერი თბილისში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, სერგეი ლავროვის განცხადება, აზრს მოკლებულია.

     „რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, ვაშინგტონის ჩარევის შესახებ, აზრს მოკლებული სისულელეა. ყველამ იცის, რომ ხალხი, რომელიც თბილისში პარლამენტთან მივიდა, არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც განაწყენდნენ იმ ფაქტით, რომ რუსი დეპუტატი საუბრობდა საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძლიდან. ვაშინგტონში არავის აქვს კავშირი საქართველოში პროტესტთან და არავინ აძლევს მიმართულებას დემონსტრაციებს. ეს სპონტანური პროცესია. მაგრამ, რა თქმა უნდა, არსებობს ქართული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ცდილობენ ამ პროტესტით მანიპულაციას და საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას. მე ვიტყოდი, რომ ამის გაკეთებას ყველა პარტია ცდილობს",- განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.

პენ ბაიდენის სახელობის ცენტრის დირექტორ, მაიკლ კარპენტერთან ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ მოისმინოთ საქართველოს რადიოს გადაცემაში „მსოფლიოს ამბები".
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1tv