რადგან ბინძური თეთრეულის გამოფენა თვითონ დააპირეს, მეც ანალოგიური მეთოდით ვუპასუხებ - ოქრუაშვილი


     თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით დვალის მიერ ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენებიდან ამონარიდის გავრცელებას ეხმაურება, რომელიც "რუსთავი 2"-ის წილებს ეხება. აღნიშნულ შეხვედრას კი ჩვენების ამონარიდის მიხედვით, ოქრუაშვილთან ერთად, მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი ესწრებოდნენ.

     ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ ეს ყველაფერი 2014 წელს მოხდა, როდესაც გორში ადგილობრივი არჩევნები იმართებოდა და მასში თავად ოქრუაშვილიც მონაწილეობდა. ყოფილი მინისტრი იხსენებს, რომ ბიძინა ივანიშვილთან მოლაპარაკებებში მას იმდროინდელი პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი დაეხმარა. ოქრუაშვილის თქმით, მას ივანიშვილისგან არჩევნებში მხარდაჭერის მიღება სურდა.

     ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს ის შეტყობინება გააცნო, რომელიც დავით უსუფაშვილმა ბიძინა ივანიშვილთან საუბრის შემდეგ გაუგზავნა. აღნიშნულ შეტყობინებაში ეწერა, რომ ოქრუაშვილს ჯერ გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე გაესაუბრებოდა და ამის შემდეგ შეეძლოთ საუბარი არჩევნებზე.

     ოქრუაშვილის თქმით, აღნიშნული შეტყობინების შემდეგ, მას მართლაც დაუკავშირდა შოთაძე და უთხრა, რომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე იმ შინაარსის ჩვენება მიეცა, რომელიც დღესდღეობით საქმეში დევს.

     „პოლიტიკაში არსებობს ტერმინი - "ბინძური თეთრეულის გამოფენა." ჩემი მიზანი არ ყოფილა ამ თეთრეულის გამოფენა, მაგრამ რადგან დვალმა ისურვა ამ თემაზე საუბარი, ჯერ კითხვა ისმის ძალიან მარტივი, საიდან ჩაუვარდა დვალს ჩემი დაკითხვის ოქმი ხელში, არანაირი მხარე არ არის, ისევეა დაკითხული, როგორც მე. ე.ი. პროკურატურამ მისცა მას ეს ყველაფერი სისხლის სამართლის საქმიდან გადაღებული ასლი, მაგრამ თვალით არ მინახავს ეს ყველაფერი, მაგრამ დავუშვათ, რომ ეს ასეა. რადგან ბინძური თეთრეულის გამოფენა თვითონ დააპირეს, მეც ანალოგიური მეთოდით ვუპასუხებ - 2014 წელს პირველ აპრილს ვარ დაკითხული თუ სწორად მახსოვს, 15 ივნისს არის ადგილობრივი არჩევნები, როდესაც გორში ვაპირებ მერობაზე კენჭისყრას, ეს არის პერიოდი, როდესაც „ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი „ჯერ კიდევ ცხენზე ზის" და მათთვის კონკურენციის გაწევა ადვილი არ არის. მე დავიწყე ურთიერთობების გარკვევა და საერთო ენის გამონახვა იმ მიზნით, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მიმეღო, ერთი, ხელი არ შემეშალა მათთვის, დისონანსი არ შემეტანა მათ გეგმებში და მეორე, გარკვეული მინიმუმ ხელის არშეშლა, მაქსიმუმ მხარდაჭერა მიმეღო. ამისთვის ვთხოვე შუამავლობა და ურთიერთობების გარკვევა დათო უსუფაშვილს. ამას ვსაუბრობ დათო უსუფაშვილთან შეთანხმებით, თორემ ამაზე ისე არ ვისაუბრებდი. უსუფაშვილმა ივანიშვილისგან მომიტანა ძალიან მარტივი მესიჯი - „პროკურორი შოთაძე დაუკავშირდება, ისაუბრონ და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ." პროკურორი შოთაძე დამიკავშირდა, ვისაუბრეთ და გორში არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ მან მომთხოვა ამ ჩვენების მიცემა, ასეთი სახით, როგორი სახითაც მიცემული მაქვს. თუ გინდათ ამ ტელეფონს გაჩუქებთ და იმდენი მაღალჩინოსნის სმს-ებს ნახავთ, შეიძლება თმები ყალყზე დაგიდგეთ," - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://www.rustavi2.ge/ka/news/139691