ირანში ყასემ სულეიმანის ცხედარს ასობით ათასი ადამიანი დახვდა


     ბაღდადში მოკლული ირანელი გენერლის, ყასემ სულეიმანის ცხედარს ირანის ქალაქ აჰვაზში ასობით ათასი ადამიანი დახვდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

     შავებში ჩაცმული დემონსტრანტები სულეიმანის გარდაცვალებას გლოვობენ და „სიკვდილი ამერიკას" სკანდირებენ. ხელში მათ გენერლის სურათები და ირანის დროშები უკავიათ.

     6 იანვარს ყასემ სულეიმანის ცხედარს ჯერ თეირანის უნივერსიტეტში, შემდეგ შიიტების წმინდა ქალაქ ყუმში, ბოლოს კი გენერლის მშობლიურ ქალაქ ქერმანში გადაასვენებენ.

     ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობა ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის მოკვლის შემდეგ დაიძაბა. სულეიმანი ირანის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის „ალ-ქუდსის" მეთაური იყო, რომელიც უცხოეთში სადაზვერვო და შეიარაღებული სპეცოპერაციების ჩატარებაზეა პასუხისმგებელი. ირანელი გენერალი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას" ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში 3 იანვარს მოკლეს.  გენერალთან გამოსამშვიდობებლად ბაღდადის ქუჩებში 4 იანვარს რამდენიმე ათასი ადამიანი გავიდა.

     დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელი გენერალი ტერაქტების მომზადებაში მონაწილეობდა და ასობით ამერიკელის მკვლელობაზე პასუხისმგებელი. ირანის მთავრობამ გენერლის მკვლელობას „ომის გამოცხადება" უწოდა და აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა. 

     ვინ არის ტრამპის ბრძანებით ბაღდადში მოკლული ირანელი გენერალი და დაიწყება თუ არა ომი, შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://imedinews.ge/ge/msoflio/124988/iranshi-kasem-suleimanis-tskhedars-asobit-atasi-adamiani-dakhvda