პრეზიდენტის სასახლეში ლუკაშენკოსა და ბელარუსის დელეგაციის დახვედრის ცერემონია გაიმართა (ფოტო)


     საქართველოს და ბელარუსის პრეზიდენტებმა სასახლეში დახვედრის ცერემონიაზე პატივი მიაგეს საქართველოს სახელმწიფო დროშას და სამთავრობო დელეგაციები წარუდგინეს ერთმანეთს.

     ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის მიზანი ქვეყნებს შორის ორმხრივი პოლიტიკური და სექტორული ურთიერთობების გაღრმავებაა სხვადასხვა სფეროებში: ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, განათლების, ინფრასტრუქტურის, ლოგისტიკასა და ბიზნესში.

     საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს და ბელარუსის პრეზიდენტები ხელს მოაწერენ ჩარჩო ხელშეკრულებას. საქართველო-ბელარუსის ურთიერთთანამშრომლობის ოცდახუთწლიანი ურთიერთობის განმავლობაში ეს მოხდება პირველად - თანამშრომლობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ის, რომ ბელარუსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

     "ბელარუსი არის საქართველოს მხარდამჭერი, პრეზიდენტი ლუკაშენკო ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს. ცხადია, ვიზიტის ფარგლებში საუბარი ასევე შეეხება ბიზნესფორუმის მიმდინარეობას და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას. პრეზიდენტ მარგველაშვილისა და პრეზიდენტ ლუკაშენკოს პირველი შეხვედრისას, საქართველოში წინა ვიზიტის შემდეგ, განსაკუთრებით გაზრდილია ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის დინამიკა და ჩვენი მიზანია კიდევ უფრო მეტი ასეთი ტიპის ურთიერთობა გაღრმავდეს", -აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

     დახვედრის ცერემონიაში მონაწილეობდნენ: ვიცეპრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, თბილისის მერი კახი კალაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს ეროვნული უშიშროების მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველო-ბელარუსის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს განათლების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში ვალერი კვარაცხელია, ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტი მურთაზ კიკორია, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საქმეთა საკითხებში თენგიზ ფხალაძე, "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე.
 
     ოფიციალური დახვედრის შემდეგ პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან და ორმხრივი პოლიტიკური და მრავალმხრივი ურთიერთობების ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე ისაუბრებენ. მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას კი, მედიას განცხადებების სახით გააცნობენ.
 


 
 
 
 
 


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно