,,ქართული ენა ერის კულტურული, ეთნიკური და სახელმწიფოებრივი იდენტობის ერთერთი მთავარი განმაპირობებელი ფენომენია"- მარგველაშვილი


      საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედაენის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და აღნიშნა, რომ ერის იდენტობის შენარჩუნებისათვის ქართული ენის მნიშვნელობა განუზომელია.

     გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ჩვენმა ენამ, განსაკუთრებული როლი შეასრულა ძალიან რთულ რეგიონში მცხოვრები მცირერიცხოვანი ერისა და სახელმწიფოს გადარჩენის პროცესში, ამიტომაცაა, რომ დღეს ქართული ენა ქართული სახელმწიფოებრივი იდენტობის განმაპირობებელია.

     საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, 40 წლის წინ, ქართული ენის სტატუსის შენარჩუნებისა და დაცვის მოძრაობის ორგანიზატორებსაც ალბათ, ბოლომდე არ იცოდნენ როგორ გაგრძელდებოდა მათი მომავალი, მაგრამ მათ გმირული ნაბიჯი გადადგეს, გადადგეს და დაიცვეს ჩვენი მშობლიური ენა და ამასთან ერთად, სტიმული მისცეს ჩვენი ეროვნული მოძრაობის ახალი ტალღის წამოწყებას.

     ,,ქართული ენა ჩვენი, ქართული - კულტურული, ეთნიკური და მნიშვნელოვანწილად, სახელმწიფოებრივი იდენტობის ერთერთი მთავარი განმაპირობებელი ფენომენია. არსებობენ ერები, არსებობენ კულტურები, არსებობენ უაღრესად ძლიერი სახელმწიფოები, სადაც ასეთ როლს ენა არ თამაშობს. სხვა გამაერთიანებელი ნიშნები გააჩნიათ, სხვა ფენომენებია, რომლებიც აერთიანებენ ამ სახელმწიფოებს და ამ ერებს.

     საქართველოს შემთხვევაში ენამ მართლაც უნიკალური როლი შეასრულა ამ ურთულეს რეგიონში. ასეთი მცირერიცხოვანი ეთნოსის და სახელმწიფოს უაღრესად დრამატული ათასწლეულების განმავლობაში გადარჩენასა და თავისთავის შენარჩუნების პროცესში", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

     დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა დედაენის დღესთან დაკავშირებით ღირსების ორდენებით დააჯილდოვა ღვაწლმოსილ ფილოლოგები და პროფესორები გრივერ ფარულავა, შუქია აფრიდონიძე, დამანა მელიქიშვილი, ლაურა გრიგოლაშვილი და 1978 წლის 14 აპრილის სახალხო მოძრაობის მონაწილე თამარ ჩხეიძე.

     დაჯილდოების ცერემონია დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედაენის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე შედგა და გიორგი მარგველაშვილმა ჯილდოები დამსახურებულ ფილოლოგებსა და პროფესორებს თავად გადასცა. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно