„მოსაძებნია ბალანსი თავისუფლებას, ლიბერალიზმსა და მართლწესრიგს შორის"– გახარია


     ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს სასტუმრო „რედისონში" შეხვდა. ღონისძიება ასოციაციის წევრების ინიციატივით გაიმართა.

     შეხვედრა, რომელსაც ასოციაციის წევრთა უმრავლესობა დაესწრო, კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა.

     შინაგან საქმეთა მინისტრმა ბიზნესმენებისთვის ყველა აქტუალურ კითხვას უპასუხა. გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმების შესახებ, ასევე, ბიზნესის განვითარების მიმართულებით უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

     „მოსაძებნია ბალანსი თავისუფლებას, ლიბერალიზმსა და მართლწესრიგს შორის. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. ჩვენ რომც არ გვინდოდეს, ეს ერთმნიშვნელოვნად მაინც გახდება საზოგადოებრივი განხილვის თემა და სჯობს, რომ ეს განხილვა დაიწყოს ადეკვატურ პირობებში და იმ პლატფორმაზე, რომელიც უფრო შედეგიანი იქნება. ღია და მზად ვართ, ყველა ის საკითხი, რომელიც დღეს აქტუალურია, როგორც ბიზნესისთვის, ასევე, მოქალაქისთვის, განვიხილოთ. კონცეპტუალურად რომ შევხედოთ, დღეს ქვეყანაში დანაშაულის რამდენიმე ძალზე მნიშვნელოვანი წყარო არსებობს. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი - ეს არის ეკონომიკური მდგომარეობა და სოციალური პოლიტიკა. ეს არის დანაშაულის ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი წყარო. მეორე, ძალზე მნიშვნელოვანი დანაშაულის წყარო, კულტურის პრობლემაა და მესამე - ნარკოტიკები. ეს არის იდენტიფიცირებული, 3 ყველაზე მნიშვნელოვანი დანაშაულის წყარო. მათგან ეკონომიკური მდგომარეობა არის უმნიშვნელოვანესი და ყველაზე რთულად გადასაწყვეტი. შესაბამისად, ამ გამოწვევების პირობებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სამართალდამცავი სისტემა უნდა იყოს ძალზედ მაღალ დონეზე. ნულოვანი ტოლერანტობის შემდეგ გაჩნდა კომპლექსი, რომ, გინდა თუ არა, უნდა ვიყოთ ყველაზე ჰუმანურები მსოფლიოში. აი, აქ უნდა ვიპოვოთ ეს ბალანსი. არც ბიზნესს უნდა ეშინოდეს შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის და არც შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა იყოს დაკომპლექსებული, რომ ბიზნესს ელაპარაკოს, იმიტომ, რომ გამოწვევები არის ქვეყნის და ეს გამოწვევები არის საერთო", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно