„ევროპარლამენტი მუშაობს, რომ უახლოეს მომავალში იქნას მიღებული სპეციალური რეზოლუცია საქართველოზე" –ციხელაშვილი


     შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი თბილისში ვიზიტად მყოფ ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის ჯგუფის წევრებს შეხვდა. 

     შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებს ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" გააცნო და ყველა იმ ასპექტზე ისაუბრა, რასაც ინიციატივა გულისხმობს. 

     ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრას მნიშვნელოვანი  უწოდა და განაცხადა, რომ აღნიშნულ ჯგუფთან უსაფრთხოებისა და გადაუჭრელი კონფლიქტის პრობლემატიკაზე საუბარი მანამდეც ყოფილა. 

     „ვისაუბრეთ არსებულ სიტუაციაზე, იმ გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენ და ჩვენს მოსახლეობას ყოველდღიურად გვექმნება. ასევე, იმ ძალისხმევაზე, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. 

     ,,საუბარი აგრეთვე შეეხო ახალ სამშვიდობო ინიციატივებს, რომელიც პირველი მოსმენით პარლამენტის პლენარულ სესიაზე დამტკიცებულ იქნა. ვფიქრობთ,  რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში. მას უკვე გააჩნია ევროკავშირის ძალიან მნიშვნელოვანი და ცალსახა მხარდაჭერა. 

     „ევროპარლამენტი მუშაობს, რომ უახლოეს მომავალში იქნას მიღებული სპეციალური რეზოლუცია საქართველოზე, კონფლიქტზე, არსებულ სიტუაციასა და იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც ევროკავშირი გვიცხადებს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის საკითხებში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ასეთი რეზოლუციის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია და ამოცანა ახლა ის გახლავთ, რომ ჩვენი მეგობრები ევროპარლამენტიდან მაქსიმალურად ობიექტურად ინფორმირებულები იყვნენ. ამ ვიზიტის ფარგლებში მათ არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვთ დაგეგმილი. აპირებენ ჩავიდნენ ხელოვნური გამყოფ ხაზთან. ვფიქრობ, მათთვის ასეთი ინფორმაციის მიწოდებით შესაძლებელი იქნება სიტუაცია ობიექტურად აისახოს", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. 

     შეხვედრის ბოლოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპარლამენტარების კითხვებს უპასუხა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно