სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2“-ის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა


     სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა „რუსთავი 2"-ის შუამდგომლობა პოზიციების წარდგენისთვის ვადის გადაწევის თაობაზე– ამის შესახებ განცხადებას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

      როგორც განცხადებაშია აღნიშნული იუსტიციის სამინისტროს პოზიციებზე შეპასუხების ვადად დარჩა 2018 წლის 28 ივნისი.

     ,,ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა და დანარჩენმა მომჩივნებმა (ტელეკომპანია „საქართველო" და ძმები ყარამანიშვილები) უკვე მეორედ ითხოვეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან პოზიციის წარდგენისთვის ვადის გადაწევა, რაც არ დაკმაყოფილდა.

     საქმის თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი არგუმენტაციისა და პოზიციების თაობაზე შეპასუხებისთვის სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2"-ს ვადა 2018 წლის 30 მაისამდე განუსაზღვრა. ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა 2018 წლის 3 მაისს ითხოვეს ხსენებული ვადის ერთი თვით გახანგრძლივება, რადგან სურდათ, მთავრობის პოზიციაზე შეპასუხებასთან ერთად წარედგინათ გარკვეული საექსპერტო დასკვნა. სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა აღნიშნული თხოვნა და პოზიციის წარდგენის ვადად განისაზღვრა 2018 წლის 28 ივნისი.

     მიმდინარე წლის 21 ივნისს ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა და სხვა მომჩივნებმა კვლავ ითხოვეს ვადის დამატებით ერთი თვით გაგრძელება 27 ივლისამდე საექსპერტო დასკვნის წარსადგენად.

     სასამართლომ, დასაბუთებად მოყვანილი არგუმენტის გათვალისწინებით, უარი განაცხადა ვადის უკვე მეორედ გაგრძელებაზე. შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პოზიციებზე შეპასუხების ვადად დარჩა 2018 წლის 28 ივნისი.

     აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის, ტელეკომპანია „საქართველოს", ლევან და გიორგი ყარამანიშვილების საჩივრის საპასუხო არგუმენტები და პოზიციები საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოს წარუდგინა დადგენილ ვადაში − 2018 წლის 28 მარტს,"–ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно