პოლიციის მიერ დაჯარიმდებიან მოქალაქეები, რომლებიც თავს აარიდებენ ტექნიკური ინსპექტირების გავლას– შსს


     შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ეხება ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის არსებობის შესახებ შეტყობინებების მიღებას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში.

     2005 წლიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მოქმედებს კანონით განსაზღვრული ნორმა, რომელიც მიზნად ისახავს ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების პრევენციას. აღნიშნული მუხლი მოიცავს ისეთ დებულებებს, რომელთა დარღვევის აღმოჩენა პრაქტიკული თვალსაზრისით საპატრულო ეკიპაჟების მიერ შეუძლებელია (მაგ: გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა, თვითნებურად გადაკეთებული ან შეცვლილი კონსტრუქცია და ა.შ.), რადგან ამ ტიპის გაუმართაობების აღმოჩენა შესაბამისი სპეციალისტების მიერ კვალიფიციურ ცოდნას და აღჭურვილობას საჭიროებს.

     შესაბამისად, აღნიშნული დარღვევები უნდა გამოვლინდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების შედეგად. სწორედ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირება არის ერთ-ერთი ის უმთავრესი წინაპირობა, რამაც ქვეყანაში გამართული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა უნდა უზრუნველყოს.

     საპატრულო პოლიციის მიერ კი დაჯარიმდებიან ის მძღოლები, რომლებიც თავს აარიდებენ სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლას ან გადაადგილდებიან იმ სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებმაც ვერ დააკმაყოფილეს ტექნიკური ინსპექტირების მოთხოვნები.

     შესაბამისად, საპატრულო პოლიციის მიერ ნორმის ადმინისტრირების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სრულად ამოქმედების შემდეგ. ვინაიდან, მანამდე, არ არსებობს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გაუმართაობის დამადასტურებელი მართლზომიერი საფუძველი.

     საპატრულო პოლიცია უკვე ახდენს იმ კატეგორიის ავტომობილების გადამოწმებას და დაჯარიმებას, რომლებზეც ვრცელდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულება.

     2019 წლის 1 იანვრიდან, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გავრცელდება.

     შინაგან საქმეთა სამინისტრო ორიენტირებულია ამ მიმართულებით გაიზარდოს აღსრულების ეფექტიანობა. კერძოდ, სამინისტროში ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, რომ ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთაც არ გაუვლიათ კანონით სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ჭკვიანი ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის მიერ იქნას აღმოჩენილი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно