შსს–მ ნარკორეალიზაციის ბრალდებით, თბილისსა და კახეთში 5 პირი დააკავა


     შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკომომხმარებლებში „ვარდისფერი ამფეტამინის" სახელით ცნობილი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე და გადაუდებელი აუცილებლობით, თბილისსა და კახეთში 5 პირი: 1994 წელს დაბადებული ზ. ლ, 1992 წელს დაბადებული რ. ე, 1997 წელს დაბადებული ქ. შ, 1997 წელს დაბადებული ა.ლ. და 1998 წელს დაბადებული მ.გ. დააკავეს.

     მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

     სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს, რომლის მიხედვითაც, დაკავებულები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზებას ინტერნეტის გამოყენებით ახდენდნენ.

     პოლიცია, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მეშვეობით, ბრალდებულთა გადაადგილების მარშრუტებს აკვირდებოდა, სწავლობდა დანაშაულებრივი საქმიანობის ტაქტიკას და ფინანსურ რესურსებს. ასევე, სამართალდამცველებმა სასამართლო განჩინებების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულების მიერ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების დადების ფოტო-ვიდეო გადაღება.

     საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები თბილისსა და ბათუმში სხვადასხვა ადგილას ფარულად ალაგებდნენ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, რის შესახებაც ინფორმაციას ინტერნეტ სივრცეში ათავსებდნენ, ხოლო ნარკოტიკის შეძენის მსურველები შესაბამისი თანხის ჩარიცხვის შემდგომ დამალული ნივთიერების მდებარეობის შესახებ ფოტომასალას და ზუსტი ადგილის შესახებ მონაცემებს იღებდნენ.

     გამოძიების ფარგლებში ამოღებულია სხვადასხვა ადგილას დამალული, სარეალიზაციოდ გამზადებული 134 შეკვრა, ხოლო დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად 196 შეკვრა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, სავარაუდოდ ე.წ „ვარდისფერი ამფეტამინი". დანიშნულია შესაბამის ექსპერტიზები.

     გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-5 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით.
 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно