პოლიცია გამოიყენებს კანონით განსაზღვრულ ყველა ბერკეტს – შსს ,,გირჩის" განცხადებაზე


      შსს ე.წ. ფესტივალის გამართვასთან დაკავშირებით პოლიტიკური გაერთიანება ,,გირჩის” განცხადებას კიდევ ერთხელ ეხმაურება.

     ,,საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გასაღება, მოხმარება და პოპულარიზაცია დასჯადია. კანონით ასევე ისჯება ნარკოტიკული საშუალების გასაღების ორგანიზება.

      შინაგან საქმეთა სამინისტრო „გირჩის" მიერ ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებულ განცხადებებს აფასებს როგორც დანაშაულის ორგანიზების განზრახვას, სამართალდარღვევების ჩადენისკენ მოწოდებას და მოქალაქეთა წახალისებას ჩაებან კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში.

     აღნიშნული განცხადებების საფუძველზე, სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით, რაც მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს.

     საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების და მოხმარების წახალისების წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

     შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. ფესტივალზე ვინმეს (მათ შორის პოლიტიკური გაერთიანების წევრების თუ საპრეზიდენტო კანდიდატის) მხრიდან ადგილი ექნება რაიმე ტიპის სამართალდარღვევას - ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ფლობას, მოხმარებას თუ პოპულარიზაციას, პოლიცია სამართალდამრღვევი ყველა პირის მიმართ გაატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.

     მოვუწოდებთ მოქალაქეებს, მათ შორის პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის” წარმომადგენლებს, შეწყვიტონ სამართალდარღვევებისკენ მოწოდება, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან და სამართალდარღვევების ჩადენისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია გამოიყენებს კანონით განსაზღვრულ მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს სამართალდარღვევების აღსაკვეთად,"–ნათქვამია განცხადებაში.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно