საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარებისთვის ახალი პროგრამული უზრუნველყოფა შეიქმნა


     ევროპის მოედანზე 112-ის ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრმა და დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ წარადგინეს.

     ,,112"-ის ახალი პროგრამა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვას გულისხმობს.

     როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, 112- ის შიდა საკომუნიკაციო პროგრამული უზრუნველყოფა, ინფორმაციის გადაცემის სისწრაფეს, შემდგომი კომუნიკაციის დროის შემცირებას, გამარტივებულ დისპეტჩერიზაციას და ინფორმაციის სიზუსტეს შეუწყობს ხელს. მისი საშუალებით, 112-ში შესული შეტყობინებისთანავე, ოპერატორი შეძლებს, მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციის გზით, თბილისის სასწრაფო დახმარების ბრიგადებსა და პატრულ-ინსპექტორებს დეტალური ინფორმაცია მყისიერად გადასცეს.

     ,,მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ძირითადი მიზანი გახლავთ საპოლიციო სერვისების კიდევ უფრო განვითარება, რამეთუ ჩვენს მოქალაქეებსა და საპატრულო პოლიციას შორის კავშირი იყოს კიდევ უფრო ეფექტური, ნდობა იყოს კიდევ უფრო მაღალი და ჩვენს ქალაქში მართლწესრიგი იყოს კიდევ უფრო ნდობით და მაღალი ხარისხით აღჭურვილი."- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

     დედაქალაქის მერის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა მუნიციპალური სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. კახა კალაძის თქმით, პროგრამის განხორციელების შემდეგ, ასევე იგეგმება თბილისში ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების შემოყვანა და სხვა ისეთი პროექტები, რომელიც მუნიციპალურ მომსახურებას მოქალაქეებისთვის ბევრად ეფექტურსა და ოპერატიულს გახდის.

     ,,ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის მუნიციპალური სისტემების გაუმჯობესება. რაც შეეხება ამ კონკრეტულ პროგრამას, სასწრაფო დახმარების ბრიგადებს მიეცათ საშუალება, რომ მათ ჰქონდეთ სპეციალური მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ონლაინ რეჟიმში აქვთ ინფორმაცია, თუ სად, რომელ მისამართზე უნდა მივიდნენ და დაეხმარონ ადამიანებს. ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ვიყოთ უფრო ეფექტურები და ოპერატიულები"- განაცხადა კალაძემ.

     პროგრამა მიმდინარე წლიდან სრულად ჩაიწერება საპატრულო ეკიპაჟებისა და თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადების პორტატულ კომპიუტერებში. 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно