შსს–ს მოადგილემ ტრანსნაციონალურ ნარკოდანაშაულთან ბრძოლის საკითხებზე კონფერენცია გახსნა


     შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ ტრანსნაციონალური ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე რეგიონული კონფერენცია გახსნა. ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ევროკავშირის მხარდაჭერა ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში" - ფარგლებში ტარდება.

     მინისტრის პირველმა მოადგილემ ევროკავშირის წარმომადგენლობას მადლობა გადაუხადა საქართველოში განხორციელებული წარმატებული პროექტისთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისათვის: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ–ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა, რადგანაც ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული და განსაკუთრებით, ნარკოდანაშაული, სცდება მხოლოდ ერთი სახელმწიფოს საზღვრებს და შეუძლია, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას", - აღნიშნა კახა საბანაძემ.

     კონფერენციის მონაწილე სამართალდამცველები პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით გაიუმჯობესებენ იმ აუცილებელ უნარ-ჩვევებს, რომლებიც საჭიროა საერთაშორისო მიმართულებით მათი ეფექტიანი მუშაობისთვის და ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ.

     ღონისძიებაში, ქართველ სამართალდამცველებთან ერთად, 11 ქვეყნის, მათ შორის, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის, უკრაინის, რუმინეთის და სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

     აღნიშნული პროექტის მიზანია ნარკოტიკებთან დაკავშირებული ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესება, ჩართული რეგიონული ქვეყნების შესაძლებლობებისა და კოორდინაციის გაძლიერება, ე.წ. "ჰეროინი-მარშრუტის" პროექტის მიგნებების საფუძველზე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно