20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, შსს-ს თანამშრომელი დააკავეს


    20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი დააკავეს, – ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში დღეს ბრიფინგზე პროკურორმა, კოკა კაციტაძემ განაცხადა.

    „20-21 ივნისს, საქართველოს  პარლამენტის შენობის  მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე საქართველოს გენერალური პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დაკავებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი.

     შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაკავებულ იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით.

     ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონიძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით.
 
     საგამოძიებო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად საქართველოს გენერალური პროკურატურა  მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობს  სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მოცემული საქმის ფარგლებში მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოება დროულად იქნება ინფორმირებული", – განაცხადა კოკა კაციტაძემ ბრიფინგზე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно