ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან მომხდარი დაპირისპირების დროს პოლიციამ 6 პირი დააკავა- შსს


     ტელეკომპანია „რუსთავი-2"-თან მომხდარი დაპირისპირების დროს პოლიციამ 6 პირი დააკავა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებული არიან საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის" აქტივისტები. თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე, ტელეკომპანიის შენობის წინ, საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის" აქტივისტები შეიკრიბნენ და ტელევიზიის ეთერში გასულ გადაცემასთან დაკავშირებით პროტესტს გამოხატავდნენ.
 
     ჟურნალისტებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთი ჟურნალისტი დაშავდა. იგი სასწრაფო დახმარების მიერ გადაყვანილია საავადმყოფოში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ინციდენტის დროს დაზიანდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის კუთვნილი ავტომანქანა, რაზეც გამოძიება სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანების ფაქტზე, სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო.

დღეს, ტელეკომპანია „რუსთავი-2"-ის მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული მარშის" წევრების მიერ მომხდარი ინციდენტის შესახებ „112"-ში შეტყობინება 16:32 ზე შევიდა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო ეკიპაჟების მობილიზება „რუსთავი-2"-ის ეზოსთან 16:39 საათზე დაიწყო. ტელეკომპანია „რუსთავი-2"-თან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ამ დრომდე რჩებიან.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно