1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა


     26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 

     1918 წლის 26 მაისს 17 სთ. 10 წთ–ზე ,,საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი," ნოე ჟორდანიამ წაიკითხა, რომელითაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა. მაშინვე ამ ისტორიული დოკუმენტის რუსულენოვანი ვარიანტი გრიგოლ ვეშაპელმა წაიკითხა, ხოლო გრიგოლ რცხილაძემ ქართული ტექსტი მეფისნაცვლის სასახლესთან მოზღვავებულ ხალხს გააცნო, აღტაცებული ხალხი ვლასა მგელაძის მეთაურობით მთაწმინდაზე ავიდა და ილია ჭავჭავაძეს საფლავში ჩასძახა: ,,გიხაროდენ დიდო ილიავ, შენი ოცნება აღსრულდა!’’

     ქართველი ხალხის 117 - წლიანი ეროვნულ განმანთავისუფლებელი ბრძოლა წარმატებით დაგვირგვინდა. საქართველომ თავისი მრავალსაუკუნოვანი ეროვნული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა აღადგინა ეპოქის შესაბამის დემოკრატიული რესპუბლიკის სახით. ამით ქართველი ხალხის ისტორიაში სრულიად ახალი ერა დაიწყო.

      საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ საბჭოთა ოკუპაციისა და ანექსიის გამო არსებობა არასრული 3 წლის თავზე შეწყვიტა. 


     1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ ქვეყანაში ეროვნული მოძრაობა გაძლიერდა. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭო იძულებული გახდა, 1921 წლის 25 თებერვლის გასაბჭოების აქტი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციად ეცნო, მოგვიანებით, კი უზენაესი საბჭოს არჩევნებიც დაენიშნა. არჩევნები 1990 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა და პარტიამ "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო" ზვიად გამსახურდიას მეთაურობით გაიმარჯვა. 

     1991 წლის 31 მარტს უზენაესმა საბჭომ ჩაატარა საყოველთაო რეფერენდუმი შემდეგი კითხვით:

     ,,თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?"

     არჩევნებში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მოსახლეობის 90,3%-მა. მონაწილეთა 98.9%-მა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი. 1991 წელის 9 აპრილს, რეფერენდუმის საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. იმავე წლის 26 მაისს კი, საქართველომ პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია აირჩია. 

     წელს საქართველოს დამოუკიდებელ სახემწიფოდ გამოცხადებიდან, ზუსტად 100 წელი შესრულდა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно