ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პროგრამას 23 მედიკამენტი დაემატება


     ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას უახლოეს მომავალში 23 მედიკამენტი დაემატება, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

     „სოციალურად დაუცველების შემდგომ, ახლა, სექტემბერში პენსიონერების და შშმ პირებისთვის გავაჩინეთ ახალი კომპონენტი. როდესაც სოციალურად დაუცველებს, მაქსიმუმ ერთ ლარად აქვთ გარკვეული ჩამონათვალის მედიკამენტებზე წვდომა. პენსიონერებისთვის მაქსიმუმ ნახევარ ფასად, ნაცვლად იმისა, რასაც აქამდე იხდიდნენ და იგივე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის.

     უახლოესი კვირების განმავლობაში ეს ჩამონათვალი გაიზრდება 23 მედიკამენტით. წლის ბოლოს კიდევ ერთი ზრდა იქნება და მომავალი წლის ამოცანაა, რომ ამ ჯგუფებს, ვისთვისაც ძალიან მაღალია ფინანსური დანახარჯი მედიკამენტებზე, ფაქტობრივად გავუნულოთ ეს ხარჯები",- განაცხადა სერგეენკომ.

     მინისტრი იმედოვნებს, რომ ამ პროექტით ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდების ხარჯები მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს მნიშვნელოვნად შეუმცირდება. სერგეენკო განმარტავს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყებამდე ეს ხარჯები 70%-ს შეადგენდა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ კი 56%-მდე შემცირდა.

     დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდების მხოლოდ 25%-ი უნდა იხარჯებოდეს, რისთვისაც სამინისტრო, მისივე თქმით,  მუშაობს.
скачать dle 11.0фильмы бесплатно